თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხმაური იყო. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საკრებულოს სხდომას ბოიკოტს უცხადებენ და მათი ფრაქციის თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძისთვის 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებენ.
ამბობენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ირაკლი ნადირაძის საქმით არ ინტერესდება.
„ირაკლი ნადირაძის მიმართ სოლიდარობა არ გაქვთ? მიხვედით სასამართლოში, იკითხეთ, ჰქონდა თუ არა თავისუფალი სასამართლოს პირობები? სოლიდარულები უნდა იყოთ ნადირაძის მიმართ, რომელიც პატიმრობაშია“ ,- მიმართა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ლოჟიდან.
ამის შემდეგ საკრებულოს სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრი გოკა გაბაშვილი ტრიბუნასთან მივიდა და მას სიმბოლურად ბოქლომი დაადო.
საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე 18 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა. მათ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, მათ შორისაა ირაკლი ნადირაძეც. ნაწილის სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა.
აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ პროტესტი ახალი ფორმა “მაინც დაგაბოქლომებთ” დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე “დააბოქლომეს” პროკურატურა და მთავრობის კანცელარია.
დღეს დილიდან “ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში მაჟორიტართა ბიუროების ოფისებზე სიმბოლური ბოქლომის დადების აქციაც დაიწყო და რამდენიმე მაჟორიტარის ბიუროს ოფისის კარებზე სიმბლლური ბოქლომები დაკიდეს, ასევე გააკრეს სტკერები წარწერით – “დალუქულია”.
რუსთაველზე ფართომასშტაბიანი აქცია 25 ნოემბერს არის დაგეგმილი. აქციის მონაწილეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ, პროპორციული წესით.