„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა პროპორციული საარჩევნო სისტემის შესაფერხებლად და მას საკანონმდებლო ჩარჩოებიდან გასვლის გარეშე, გამარჯვების და მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანის შანსი არ აქვს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვოლსკიმ საზოგადოებას 2010 წლის 11 ნოემბერს გაკეთებული განცხადება შეახსენა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ მაჟორიტარული საარჩევნი სისტემის კატეგორიული წინააღმდეგია.
„გავიხსენოთ ისიც, რომ “ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხთან ერთად, ეს მოძალადე, ანტიდემოკრატიული რეჟიმი, სწორედ შერეული სისტემის პირობებში დაამარცხა და ჩამოაშორა ხელისუფლებას.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ” დააყენა პოლიტიკურ დღის წესრიგში და შესაბამისი ცვლილებები შეიტანა კონსტიტუციაში.
მეტიც, დღეს ქუჩაში გამოფენილ ოპოზიციას ბოიკოტი რომ არ გამოეცხადებინა ცვლილებებისთვის, პროპორციულ არჩევნებზე 2020 წლიდან გადასვლის საკითხი კონსტიტუციაში უკვე ასახული იქნებოდა.
მიუხედავად ამისა, საერთო კონსენსუსის მიღწევისათვის, საზოგადოების წინაშე პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობის ასამაღლებლად, „ქართულმა ოცნებამ“, საკითხი კვლავ დააყენა დღის წესრიგში.
მიმდინარე წლის 24 ივნისს, პარტიის თავმჯდომარის მიერ შესაბამისი განცხადების გაკეთების დროს, მიმდინარეობისას და შემდგომ პერიოდში, ერთ დღესაც არ ჩაუვლია „ქართული ოცნების“ მიმართ ზღვარგადასული, უზრდელური განცხადებების, სხვადასხვაგვარი პერფორმანსების, აქციებისa და ესოდენ პოპულარული – ,,ფეიკ-ნიუსების“ გარეშე.
ამ ყველაფერმა კულმინაციას მიაღწია პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დღეს. სწორედ ამიტომ, რეალური საფუძველი შეიძინა ჩვენი კოლეგების ნაწილის მიერ დასმულმა კითხვამ – შესაძლებელია კი, ისეთ პარტიებთან ერთად კოალიციური პასუხისმგებლობის აღება სტაბილურობისათვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის, რომელთა დღის წესრიგის მთავარი მიმართულება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა და არაერთგზის გაცხადებული რევოლუციური სცენარის განვითარებაა?!
დღევანდელი მოვლენებიც ამის ნათელი დადასტურებაა. დღეს, ეს ძალები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესაფერხებლად, აქციებს გვიწყობენ ჩვენ, ვინც რეალურად განვახორციელეთ ცვლილება.
„ნაციონალურ მოძრაობას“ არც ერთი საარჩევნო სისტემის პირობებში, საკანონმდებლო ჩარჩოებიდან გასვლის გარეშე, არ აქვს გამარჯვების და სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოყვანის შანსი. ამიტომ, ლამობენ მუდმივად რევოლუციურ სცენარს, ამიტომ მოქმედებენ ვეტერანი და მეორადი კმარელების გაკვეთილების საფუძველზე და ისევ დესტრუქციით, სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებით და სიცრუით ცდილობენ მიზნების მიღწევას.
მიუხედავად ამისა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, მათ არაფერი გამოუვათ, სახელმწიფო დგას თავის სიმაღლეზე, კანონის სადარაჯოზე, შესაბამისად, ნებისმიერ სამართლადარღვევას, მათ ნებისმიერ უკანონო მოქმედებას, მყისიერი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა. მათ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ნაწილის სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა.
აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ პროტესტი ახალი ფორმა “მაინც დაგაბოქლომებთ” დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე “დააბოქლომეს” პროკურატურა და მთავრობის კანცელარია.
დღეს დილიდან “ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში მაჟორიტართა ბიუროების ოფისებზე სიმბოლური ბოქლომის დადების აქციაც დაიწყო და რამდენიმე მაჟორიტარის ბიუროს ოფისის კარებზე სიმბლლური ბოქლომები დაკიდეს, ასევე გააკრეს სტკერები წარწერით – “დალუქულია”.