ხმაურია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის სადეპუტატო ბიუროსთან. იქ ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სავარაუდოდ დეპუტატის მომხრეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველები დეპუტატის ბიუროს კარზე „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ბოქლომის დადების საშუალებას არ აძლევენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ანალოგიური აქციები დილიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა კვლავ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება და მთავრობის გადადგომაა. გარდა ამისა, ისინი პარლამენტთან დაკავებულებისთვის პატიმრობის მისჯას აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლის დროს დაშავდა 4 მომიტინგე და 2 სამართალდამცველი.
შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა. დაკავებულების ნაწილს სასამართლომ გუშინ 3,5,7, 12 და 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სხვა დაკავებულების სასამართლო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
აქციის მთავარი მოთხოვნაა: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემით და მთავრობის გადადგომა.