IRI: საქართველოს მოსახლეობის 78%, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ, აღნიშნულ ცვლილებას ემხრობა

866

წინა სტატია

შემდეგი სტატია

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კველვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობის 78%, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ემხრობა ამ ცვლილებას.

„ამ წელს ხელისუფლებამ გასცა დაპირება, შერეული საარჩევნო სისტემა პროპორციული სისტემით შეეცვალა. საქართველოს მოსახლეობის 78%, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ემხრობა ამ ცვლილებას. გარდა ამისა, გამოკითხულთა 78% მიიჩნევს, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დადებითად იმოქმედებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე. მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დრო რჩება, მთავარი უპირატესობის მქონე ძალა ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი“, – წერია ისტიტუტის ინფორმაციაში.

აქვე აღნიშნულია, რომ პირველი კვლევის მიხედვით, რომელიც „საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში 2019 წლის ივნისის ანტირუსული საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაატარა, ხელისუფლებისადმი ნდობის მაჩვენებელმა საგრძნობლად დაიკლო“.

მისივე თანახმად, არც ერთ პარტიას აქვს გამოკვეთილი უპირატესობა მომავალი არჩევნებისთვის, თუმცა, არსებობს ამომრჩევლის მოზიდვის პოტენციალი ეკონომიკური პრობლემების წინ წამოწევით, რაც კვლავაც საქართველოს მოქალაქეების მთავარ პრობლემად რჩება.

„ეკონომიკა და უმუშევრობა საქართველოს მაცხოვრებელთათვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ბოლო ათწლეულის განმავლობაში, თუმცა, ქვეყნის პოლიტიკური პარტიების მხრიდან ამ პრობლემების მიმართ ყურადღება არ არის გამახვილებული. პარტიების ლიდერებს აქვთ შესაძლებლობა, შეიმუშაონ დეტალური პროგრამები და პლატფორმები, რომლებიც სწორედ მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაზე გააკეთებს აქცენტს“ – განაცხადა სტივენ ნიქსმა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების დირექტორმა.

რესპოდენტების 80 %-მა ქვეყნის მასშტაბით უმთავრეს პრობლემებად დაასახელა უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბე.

„ეს ასევე წარმოადგენს ყველაზე მთავარ პრობლემებს პიროვნულ დონეზეც. 50%-ის შეხედულებით, უმუშევრობა, დაბალი ხელფასები, სიღარიბე და ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა არის მათი ოჯახებისთვის წუხილის ძირითადი მიზეზი. გარდა ამისა, რესპოდენტთა უმრავლესობა (59%) ეკონომიკურ პრობლემებს ყველაზე დიდ წინაღობად მიიჩნევს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.

იქედან გამომდინარე, რომ ამომრჩეველთა 61% არჩევნებისთვის ეკონომიკურ პროგრამაზე აკეთებს აქცენტს, ხოლო ერთი მესამედი ჯერ ისევ გადაუწყვეტელია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მათი პირველი არჩევანი, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც შეიმუშავებენ თანმიმდევრულ და მიმზიდველ ეკონომიკურ პლატფორმას, ყველაზე დიდი შანსი ექნებათ, შექმნან საპარლამენტო უმრავლესობა“, – აღნიშნავს IRI.

რაც შეეხება ევროინტეგრაციას, ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერთა რაოდენობა საქართველოში, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 68%-დან 71%-მდე გაიზარდა, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა – 75%-დან 80%-მდე.

„ეს მხარდაჭერა, ძირითადად, განპირობებულია უსაფრთხოებითა და ეკონომიკური სარგებლით, რაც მოსახლეობისთვის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან ასოცირდება“, – აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

„წინამდებარე კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით.

კვლევას კოორდინაციას უწევდა კვლევითი კომპანიის „ბალტიის კვლევები/გელაპის ორგანიზაციის“ წარმომადგენელი, დოქტორი რასა ალისაუსკიენე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით. კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ზუსტად ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით.

გამოყენებულია მრავალსაფეხურიანი ალბათობის მეთოდი, შემთხვევითი მარშრუტისა და შემდგომი დაბადებისდღის მქონე რესპოდენტის შერჩევის კრიტერიუმით. წინამდებარე კვლევის ჩატარება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის უანგარო მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. კვლევაში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის კვლევის ავტორ(ებ)ს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) ან/და აშშ-ის სახელმწიფოს ხედვებს“, – აცხადებენ საერთაშორისო რესპუნლიკურ ინსტიტუტში.