“ოცნება” – 23%, ოპოზიცია კი ჯამურად – 41% – IRI-იმ კვლევის შედეგები გამოქვეყნა

1208

შემდეგი სტატია

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართული ოცნება” ხმათა 23%-ს, ოპოზიცია კი ჯამურად 41%-ს მიიღებდა, – ამის შესახებ წერია კვლევაში, რომელიც საერთაშირისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა დღეს გვიან საღამოს გამოაქვეყნა.

უფრო კონკრეტულად კი, პარტიათა რეიტინგის შედეგები ასე გამოიყურება:

  • ქართული ოცნება – 23%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 15%
  • ევროპული საქართველო/თავისუფალი დემოკრატები – 5%
  • ლეიბორისტები – 5%
  • პატრიოტთა ალიანსი – 4%
  • სამოქალაქო მოძრაობა – 3%
  • ახალი საქართველოსთვის – 2%
  • დემოკრატიული მოძრაობა – 2%
  • ლელო – 2%
  • გირჩი – 1%
  • შენების მოძრაობა – 1%
  • სხვა პარტიები – 1%

კვლავ მაღალია იმ ადამიანთა პროცენტული მაჩვენებელი, ვისაც ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, რომელ პარტიას დაუჭერს მხარს. მათი რაოდენობა, კვლევის თანახმად, 32%-ია. 4% კი ხმის მიცემას არც ერთი პოლიტიკური სუბიექტისთვის არ აპირებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევას კოორდინაციას უწევდა კვლევითი კომპანიის „ბალტიის კვლევები/გელაპის ორგანიზაციის“ წარმომადგენელი, დოქტორი რასა ალისაუსკიენე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით.

კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ზუსტად ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით. გამოყენებული იქნა მრავალსაფეხურიანი ალბათობის მეთოდი, შემთხვევითი მარშრუტისა და შემდგომი დაბადებისდღის მქონე რესპოდენტის შერჩევის კრიტერიუმით.