განათლების კომიტეტის კვლევა: არაქართულენოვან სკოლებში მწვავედ დგას პედაგოგების კვალიფიკაციის და სასწავლო რესურსების ხარისხის პრობლემატიკა

317

არაქართულენოვან სკოლებში განსაკუთრებით მწვავედ დგას პედაგოგების კვალიფიკაციის, პროფესიული განვითარების, შეზღუდული შესაძლებლობებისა და სასწავლო რესურსების ხარისხის პრობლემატიკა, – ამის შესახებ ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ მომზადებულ მოკვლევაშია ასახული.

კვლევის მიხედვით, სახელმწიფო ენის სწავლისათვის უპირველეს ინსტიტუციად სკოლა მიიჩნევა, თუმცა ყველა სკოლა ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ ახერხებს მოსწავლეების საჭირო ენობრივი კომპეტენციებით აღჭურვას.

პარლამენტის კომიტეტის მიერ მომზადებული კვლევა ადრეულ და სკოლამდელ განათლებას, ზოგად განათლებას, უმაღლეს განათლებას, პროფესიულ და ზრდასრულთა განათლებასა და ასევე, სახელმწიფო ენის პოლიტიკას მოიცავს.

ადრეულ და სკოლამდელი განათლებასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ საბავშვო ბაღების დაწესებულებათა არასაკმარისი რაოდენობა, ეთნიკურ უმცირესობათა ენობრივ საჭიროებებზე მორგებული განათლება, პედაგოგიური რესურსი და კვალიფიკაცია კვლავ გამოწვევად რჩება.

„მთლიანობაში, ბოლო ათი წლის განმავლობაში ეთნიკურ უმცირესობათა თემებისთვის ადრეული და სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება დაიწყო. ეს მუნიციპალიტეტების მიერ ახალი დაწესებულებების შექმნამ და არსებულთა ხარისხის გაუმჯობესება განაპირობა, თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება დაწესებულებათა არასაკმარისი რაოდენობა, ეთნიკურ უმცირესობათა ენობრივ საჭიროებებზე მორგებული განათლება, პედაგოგიური რესურსი თუ კვალიფიკაცია და მიმდინარე პროცესებზე ადგილობრივი თემების ინფორმირებულობის საკითხები.

ეთნიკური უმცირესობების მოსახლეობას კარგად აქვს გათავისებული ადრეული და სკოლამდელი განათლების მნიშვნელობა ბავშვის სასკოლო მზაობისა და წარმატებისათვის ცხოვრების მომდევნო ეტაპებზე. ამასთან, მაღალია მიმღებლობა ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე სახელმწიფო ენის გააქტიურებასთან დაკავშირებით,“ – აღნიშნულია კვლევაში.

რაც შეეხება ზოგად განათლებას, როგორც მოკვლევაში აღნიშნული, პედაგოგების კვალიფიკაციის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას.

„კვლავ თვალსაჩინოა განსხვავება სწავლების ხარისხსა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობაში ეთნიკურ უმცირესობათა და ქართულენოვან სკოლებს შორის. არაქართულენოვანი სკოლების განათლების ხარისხზე მრავალი კომპლექსური ფაქტორი ახდენს გავლენას. თუმცა, განსაკუთრებით მწვავედ დგას პედაგოგების კვალიფიკაციის, პროფესიული განვითარების შეზღუდული შესაძლებლობებისა და სასწავლო რესურსების ხარისხის პრობლემატიკა.

სისტემაში არსებობს სწრაფვა ეთნიკურ უმცირესობათა სკოლებში ბილინგვური/მულტილინგვური მოდელების დანერგვასა და გააქტიურებასთან დაკავშირებით. ამ მხრივ ეფექტიანი პოლიტიკის გასატარებლად მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა და ყველა დაინტერესებულ მხარეს ქმედითი კონტრიბუცია. ეს კი შესაძლებელი იქნება ყოვლისმომცველი, ურთიერთდაკავშირებული და გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის შემუშავების შემთხვევაში,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კვლევის მიხედვით, ეთნიკურ უმცირესობათა აბიტურიენტებისა და სტუდენტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა კვლავ რჩება გამოწვევები.

„საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში კვოტირების სისტემის დანერგვამ ეთნიკური უმცირესობათა განათლების პოლიტიკის ტრანსფორმაციაში საკვანძო როლი ითამაშა. საქართველოს უნივერსიტეტებში ეთნიკურ უმცირესობათა აბიტურიენტებისა და სტუდენტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, რაც უდავოდ უმაღლესი განათლების რეფორმის წარმატებას უსვამს ხაზს.

ეთნიკურ უმცირესობათა უმაღლესი განათლების საფეხურზე ჩართვის თვალსაზრისით პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, გამოწვევად რჩება აბიტურიენტებისა და სტუდენტების შეფასების სისტემები, რომელიც უკეთ წარმოაჩენს ინდივიდების მზაობას და შესაბამისი პოლიტიკის გატარებისათვის შექმნის მტკიცებულებებს.

ე.წ. 1+4 პროგრამის ფარგლებში არსებობს ნაკლოვანებები, რომელთა დროულად მოგვარება სამოქალაქო ინტეგრაციისა და თანასწორობისკენ წინგადადგმული ნაბიჯი გახდება. ეს კი, პირველ რიგი, გულისხმობს ეთნიკური უმცირესობათა სტუდენტებისთვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამის ხელმისაწვდომობას,“ – წერია მოკვლევაში.

რაც შეეხება პროფესიულ და ზრდასრულთა განათლებას – დოკუმენტის მიხედვით, ზრდასრულთა განათლების პროგრამებისადმი მაღალი ინტერესი იკვეთება, თუმცა არსებული პროგრამები არასრულად საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე არის გათვლილი, რაც საკმარისი არ არის.

„პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისთვის ბევრი ქმედით ნაბიჯი გადაიდგა, შედეგად, ეთნიკურ უმცირესობებს მეტ პროფესიულ პროგრამაზე მიუწვდებათ ხელი.

მნიშვნელოვნად მიიჩნევა რეგიონების საჭიროებებზე ორიენტირებული, მოქნილი პროგრამების განხორციელება, რაც თემებში პროფესიულ განათლებაზე წვდომას გააუმჯობესებს. ასევე, ჩართულობისთვის ეთნიკურ უმცირესობათა თემებში მზაობას გაზრდის.

ზრდასრულთა განათლების პროგრამებისადმი მაღალი ინტერესი იკვეთება, თუმცა არსებული პროგრამები არასრულად არის გათვლილი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე, რაც საკმარისი არ არის,“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

მოკვლევის მიხედვით, სახელმწიფო ენის შესწავლისათვის უფრო აქტიური, მრავალფეროვანი და მრავლისმომცველი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია.

„ეთნიკურ უმცირესობათა სხვადასხვა ჯგუფებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების მთავარი ინსტიტუცია ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაა. მისი საქმიანობა, მეტწილად პოზიტიურად ფასდება, თუმცა, აშკარაა, რომ სახელმწიფო ენის შესწავლისათვის აუცილებელია უფრო აქტიური, მრავალფეროვანი და მრავლისმომცველი ნაბიჯების გადადგმა, რათა ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებაში არსებული საჭიროებები დაკმაყოფილდეს.

სახელმწიფო ენის სწავლისათვის უპირველეს ინსტიტუციად სკოლა მიიჩნევა, თუმცა, ყველა სკოლა ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ ახერხებს მოსწავლეების საჭირო ენობრივი კომპეტენციებით აღჭურვას,“ – აღნიშნულია მოკვლევაში.