წალენჯიხის მერი მისი კუთვნილი ავტომანქანის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით პოლიციაში გამოკითხეს

357

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა მისი კუთვნილი ავტომანქანის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით პოლიციაში გამოკითხეს.

როგორც ხარჩილავამ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცავების კითხვებს უპასუხა და ამასთან, საკუთარი ვერსიები მიაწოდა.

„ვუპასუხე, რომ მანქანა გამართული იყო 100%-ით. ვუთხარი, რა დროს მოვედი და როგორ გავიგე ხანძრის შესახებ. ასევე მთავარ შეკითხვაზე, წინა პერიოდებში იყო თუ არა მუქარები ან რაიმე უჩვეულო ხომ არ შემინიშნავს, ვუთხარი, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა, მაგრამ ჩემი დასკვნებიც წარმოვუდგინე. ნავთობპროდუქტის ნამწვის ზოლი მაძლევდა სრულ უფლებას, რომ ვივარაუდო ეს არის ადამიანის მიერ, შეგნებულად გაჩენილი ხანძარი.

დაწყებულია გამოძიება 187-ე მუხლით, მაგრამ შესაძლებელია გადაკვალიფიცირდეს. ეს არის ძალიან რთული შემთხვევა. ეს არ არის მხოლოდ მანქანის განადგურება, აქ იყო საშიშროება აფეთქების, ბენზინის ავზი სავსე იყო. აფეთქებით სამეზობლოში ხანძრის გაჩენის საშიშროება იყო. იმუშავა სახანძრო ბრიგადებმა და შევძელით ამ საშიშროების თავიდან აცილება”,- განაცხადა გია ხარჩილავამ.

მისივე ინფორმაციით, პოლიცია სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს და მიმდინარეობს მიმდებარედ კამერების ჩანაწერების დათვალიერება, აგრეთვე ექსპერტიზაზეა გაგზავნილი ბოთლი, რომელიც შემთხვევის ადგილას იქნა ნაპოვნი.

შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით, გვიან ღამით მის საცხოვრებელ სახლთან პირადი ავტომობილი დაუწვეს. მისივე თქმით, ფაქტი, დაახლოებით, 03:30 საათზე მოხდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.