“გრინსერვის პლუსის” დირექტორის ადვოკატი: მისთვის ბრალის წარდგენას არ ველოდები

345

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ლაშა ფურცხვანიძისთვის ბრალის წარდგენას არ ველოდები, არ არის საკმარისი მტკიცებულებები, – ამის შესახებ კომპანია “გრინსერვის პლუსის” დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა, ტარიელ კიკნაძემ ჟურნალისტებს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოსთან განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკვშირებით.

ტარიელ კიკნაძის თქმით, ყველაფერზე ისაუბრებს მხოლოდ მაშინ, რაც საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება.

“დასრულდეს პროცესი და ყველაფერს გეტყვით შემდეგ. მე ვარ ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ეს კაცი გრძნობს,მაგრამ მას არ უთქვამს, რომ მე დამნაშავე ვარო”,- განაცხადა ტარიელ კიკნაძემ.

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში შესაბამისი პირების გამოკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს. სამმართველოში ამ დრომდე იმყოფებიან კომპანია „გრინსერვის პლუსის“ თანამშრომლები, მათ შორის კომპანიის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, რომლებიც გამოკითხვაზე ჯერ კიდევ გუშინ მივიდნენ. სწორედ ამ სამსახურმა ჩაიბარა ვაკის პარკში რეაბილიტაციის შედეგად განხორციელებული პროექტი.

როგორც თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა გამოკითხვაზე მისვლისას განაცხადა, შადრევანი ექსპერტიზის მიერ არაერთხელ შემოწმდა და მერიის სამსახურმა მრავალჯერ დატესტა. ის ამ დრომდე გამოკითხვაზე იმყოფება.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი. მისივე განცხადებით, თუ მას მომხდარში რაიმე დანაშაული მიუძღვის, მზად არის, კანონის წინაშე პასუხი აგოს.

ცნობისთვის, შადრევანი, რომელმაც 13 ოქტომბერს 13 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, დედაქალაქის მერიამ საზეიმოდ 12 ოქტომბერს გახსნა. ვაკის პარკის მცირე კასკადისა და შადრევნის რეაბილიტაციისთვის კი 6.5 მილიონი დაიხარჯა.

ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის გამო, პოლიტიკოსები დედაქალაქის მერის, კახა კალაძის პასუხიმგებლობის საკითხს აყენებენ. ასევე, გუშინდელი დღიდან კალაძის გადადგომას ითხოვენ მოქალაქეები.

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი იაშვილის კლინიკიდან დღეს, 14 ოქტომბერს, გაწერეს. კიდევ ერთი დაშავებული მოზარდი კი „ნიუ ჰოსპიტალსშია“ მოთავსებული. ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით კი, მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.