გორის მუნიციპალური ტრანპორტის მუშაობის შესახებ ფრანგული კომპანია კვლევას ატარებს

483

გორში, რამდენიმე თვეა ფრანგული კომპანია ,,სისტრა გრუპის” წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც ქალაქ გორში მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხებს იკვლევენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

პირველადი მონაცემები მათ ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებს უკვე გააცნეს. წლის ბოლომდე, გორის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს მთავრობა წერილობით მიიღებს დოკუმენტს, სადაც გაწერილი იქნება რეკომენდაციები.

როგორც ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ზურაბ ჯირკველიშვილი გვეუბნება, სავარაუდოდ, რეკომენდაციები შეეხება ინფრასტრუქტურული ნაწილის გაუმჯობესებასაც.

“კვლევის მიზანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებისა და მარშრუტების შესწავლის, ავტობუსების დატვირთულობის განსაზღვრისა და ტექნიკური გამოწვევების კვლევის შედეგად, მგზავრთა ინტერესებზე მორგებული სერვისების შეთავაზება.’ – აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

კვლევა ტარდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)  და საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მობილობის კვლევითი და საკონსულტაციო ორგანიზაციის (SYSTRA) ორგანიზებით.

„SYSTRA Group“ არის მსოფლიო ლიდერი ფრანგული კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს 100 ქალაქში ახორციელებს საქმიანობას.

,,ექსპერტებმა დამოუკიდებლად შეისწავლეს ავტობუსებში მგზავრთა რაოდენობა, გადაადგილების მიზნობრიობისა და მოსაცდელი სადგურების მდგომარეობა. მსოფლიო ლიდერ სატრანსპორტო კვლევით ორგანიზაციასთან (SYSTRA) და EBRD-თან გორის ტრანსპორტის სააგენტო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს. თანამშრომლობის მიზანია ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება, უკეთესი მომსახურება და მგზავრებისთვის მათ ინტერესებზე მორგებული მარშრუტებისა და სერვისების შეთავაზება” – აცხადებენ გორის მუნიციპალური ტრანსპორტის სააგენტოში.