პოლიტიკური პარტიების ნეგატიურ რეიტინგებში ქართული ოცნება ლიდერობს. მეორე ადგილზე კი ნაცმოძრაობაა, – ამის შესახებ წერია კვლევაში, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა დღეს გვიან ღამით გამოაქვეყნა.
IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 30% აცხადებს, რომ არასდროს, არც ერთ სიტუაციაში მისცემს ხმას “ქართულ ოცნებას”. 26% იგივეს ამბობს ნაციონალურ მოძრაობაზე.
ნეგატიური რეიტინგის მესამე ადგილზე, 9-9%-ით, გირჩი და პატრიოტთა ალიანსი არიან. მეოთხეზე, 7-7%-ით, ლეიბორისტული პარტია და დემოკრატიული მოძრაობა. 6%-იანიანი ანტირეიტინგი აქვს ევროპულ საქართველო/თავისუფალ დემოკრატებს, ხოლო 5% – კონსერვატიულ პარტიას.
3-3%-იანი ნეგატიური რეიტინგი აქვთ მოძრაობას ახალი საქართველოსთვის, თავისუფალ საქართველოს, ლელოს და შენების მოძრაობას.
რესპუბლიკურ პარტიასა და სამოქალაქო მოძრაობას – 2-2%-იანი ანტირეიტინგი დაუფიქსირდა, ხოლო თითო პროცენტიანი ნეგატიური რეიტინგი ახალ მემარჯვენეებსა და სხვა პარტიებს აღმოაჩნდათ.
IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევას კოორდინაციას უწევდა კვლევითი კომპანიის „ბალტიის კვლევები/გელაპის ორგანიზაციის“ წარმომადგენელი, დოქტორი რასა ალისაუსკიენე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით.
კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ზუსტად ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით. გამოყენებული იქნა მრავალსაფეხურიანი ალბათობის მეთოდი, შემთხვევითი მარშრუტისა და შემდგომი დაბადებისდღის მქონე რესპოდენტის შერჩევის კრიტერიუმით.