პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა, რომელიც 12 საათზე იყო ჩანიშნული, პარლამენტის შენობის პიკეტრიების გამო ჩაიშალა. პარლამენტში მისული დეპუტატები აქციის მონაწილეებმა არ შეუშვეს. ჯერ უცნობია, გაიმართება თუ არა ბიუროს სხდომა.
საქართველოს პარლამენტის შენობის შესასვლელები ბლოკირებულია. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის სამივე შესასვლელი გუშინ ჩახერგეს. გაშლილია კარვებიც.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დღეს პარლამენტში მისულ დეპუტატებს – რევაზ არველაძეს, მერაბ ქვარაიას და გია ჟორჟოლიანს – შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.
პარლამენტის პრესსამსახურში ამბობენ, რომ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გადაიდო, თუმცა ჩანიშნული რჩება ბიუროს სხდომა, რომელიც 15:00 საათზე უნდა გაიმართოს.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში 14 ნოემბერს ჩავარდა. ცვლილებებს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა. 3 წინააღმდეგი წავიდა. მათგან 37-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა.
განვითარებული მოვლენების გამო პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც მოძრაობის “სირცხვილია” და “შეცვალე” წარმომადგენლები მართავენ. აქციებს ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ. მათი ერთობლივი მოთხოვნაა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით და გარდამავალი მთავრობით.
ფოტო: kvira.ge