პროდასავლური და პრორუსული ოპოზიცია ერთიანდება და სამოქმედო გეგმაზე “ლეიბორისტულ პარტიაში” მსჯელობს

551

ოპოზიცია ერთიანდება და სამოქმედო გეგმაზე “ლეიბორისტულ პარტიაში” მსჯელებს. შეხვედრა 17 საათზე დაიწყო.

“ქართული ოცნების” წინააღმდეგ ბრძოლაში ერთმანეთთან მკვეთრად დაპირისპირებული პარტიებიც ერთიანდებიან და პროდასავლურ პარტიებთან ერთად ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობაც” ერთვება.

შეხვედრაში მონაწილეობენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის: ენმ, “ევროპული საქართველო”, “ლელო”, “დემოკრატიული მოძრაობა”, “რესპუბლიკელები”, “ახალი მემარჯვენეები”, “გირჩი”, დამოუკიდებელი დეპუტატები: ეკა ბესელია, დავით ჭიჭინაძე და სხვა.

ეს შეკრება მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში დღეს ჩავარდა. ცვლილებებს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა. 3 წინააღმდეგი წავიდა. მათგან 37-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა.

ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით, ბლოკებით და 3%-აინი ბარიერით ჩატარდება.

დღეს განვითარებული მოვლენების გამო პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც მოძრაობის “სირცხვილია” და “შეცვალე” წარმომადგენლები მართავენ. პარალელურად, მასშტაბურ აქციებს აანონსებს ოპოზიციაც. ოპოზიციური პარტიები ამ დროისთვის ლეიბორისტული პარტიის ოფისში არიან შეკრებილები და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.

დღესვე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ის იმედგაცრუებულია, რომ ვერ მოხერხდა ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში 2020 წლის პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

საგანგებო განცხადება გაავრცელეს საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, რომლებიც ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, გაიაზრონ ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ქვეყანა შევიდა და მიიღონ ყველა პოლიტიკური ზომა მის დასაძლევად, რომლის ერთადერთ და უალტერნატივო გზად პარლამენტის მიერ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ მიღება წარმოადგენს.