ოპოზიცია: საარჩევნო უბნების მონიტორინგს 200-ზე მეტი ლაივ კამერით უზრუნველვყოფთ

1244

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ზუგდიდის მერის არჩევნების გაყალბების პრევენციის მიზნით, სამკომპონენტიანი მექანიზმი შეიმუშავა. ამის შესახებ შტაბის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი მტკიცებით, ხელისუფლება აქტიურად ემზადება კენჭისყრის გაყალბებისთვის, რასაც უბნებზე სიებისა და ბეჭდების დროზე ადრე გატანა მოწმობს. ასევე, აქვთ ინფორმაცია, რომ მარკირების სითხე არასათანადო პირობებში ინახება. ეს რომ არ მოხდეს, ამ არჩევნებისთვის სიახლეს მიმართეს. კერძოდ, ოპოზიციონერის თქმით, არჩევნების პროცესის მონიტორინგს, როგორც უბნის შიგნით, ისე გარეთა პერიმეტრზე, 200-ზე მეტი ლაივ კამერა უზრუნველყოფს. კერძოდ, შეიქმნა ანდროიდ აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შეძლებენ 14 საათიანი უწყვეტი პირდაპირი ეთერის გადაცემას და დარღვევებს დააფიქსირებენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ამასთან, მოაწყვეს მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ცენტრი, სადაც ყველა ეს კამერა მოიყრის თავს. ცენტრის ოპერატორები მყისიერად მოახდენენ რეაგირებას, დაამუშავებენ მონაცემებს და საჭიროებისამებრ გაასაჯაროვებენ.

გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ყველაზე ცხელი წერტილებისთვის თვალის მიდევნება დაინტერესებულ პირებს მათი მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის ფეისბუქ გვერდზე შეეძლებათ, დანარჩენი 200 კამერა კი კონკრეტული ადგილებისკენ იქნება მიმართული.

შტატის წარმომადგენლისვე განმარტებით, პარარელურად აამოქმედებენ ცხელ ხაზს, სადაც ნებისმიერი დარეკავს და მათი იურისტები გაუწევენ კონსულტაციებს, საჭიროების შემთხვევაში კი მივლენ ადგილზე და ყველაფერს დააფიქსირებენ.

ასევე, პრეზიდენტის არჩევნების მსგავსად, ამ არჩევნებზეც ექნებათ რუკები, სადაც უბნების მიხედვით დაიტანენ ინფორმაციას დარღვევების შესახებ. ამ პროცესში, როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, მოქალაქეებს შეეძლებათ ფოტო, ვიდეო, თუ ტექსტური მასალის მოწოდება.

“ჩვენ თვითონ ყველაფერს ვიღებთ, ჩვენ თვითონ ვაფიქსირებთ ყველაფერს. თუ თქვენ შეეცდებით რაიმე პროვოკაციას, ყველაფერი იქნება ასახული ამ ვიდეოკამერებზე. და ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ჩვენი მიზანია ჩატარდეს გამჭვირვალე, მშვიდობიანი არჩევნები, იმიტომ, რომ ვფიქრობთ, ამ არჩევნებზე უპირობოდ იგებს ჩვენი კანდიდატი”, – მიმართა გიორგი ვაშაძემ “ქართულ ოცნებას”.

ერთის მხრივ, ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადება, მეორეს მხრივ კი მმართველი პარტია ამბობს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია კენჭისყრის დღეს არეულობის მოწყობას შეეცდება.

ზუგდიდი ახალ მერს 19 მაისს აირჩევს.