ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ყველა ადამიანი, რომელიც სპეციალურ სიაში წერია, ზუგდიდის მცხოვრებია. ასე უპასუხა მირანდა მესხმა გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელ თინა ბოკუჩავას ბრალდებას, რომ ამ სიებში სინამდვილეში სხვაგან რეგისტრირებული პირები შეიყვანეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ოლქის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციას მოუწოდებს, წაიკითხონ მუხლი, თუ რას ნიშნავს სპეციალური სია. მანვე განმარტა, რომ კანონმდებლობა არც ამ შემთხვევაში დაურღვევიათ.
მესხის სიტყვებით, დღეს სხდომაზე გასატანი იყო ორი საკითხი, სპეც სიების დამტკიცების თაობაზე. პირველი, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შეყვანა იმ უბნის ამომრჩეველთა სიებში, სადაც მუშაობენ, რადგან სახურებრივად ისინი ვერ ახერხებენ ხმა მისცენ იმ უბანზე, სადაც არიან რეგისტრირებული.
მისივე თქმით, მეორე ნაწილი შეეხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ სიებს. როგორც კომისიის თავმჯდომარე ამბობს, შსს-მ კომისიას მიაწოდა 292 კაციანი სია და დამტკიცდა 139 კაციანი სია. მირანდა მესხის განმარტებით, განისაზღვრა უბანი, სადაც ამ სიაში შესული ადამიანები მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას.
“ოპოზიცია ცრუობს. არანაირი დარღვევა არ არის. წავიკითხოთ მუხლები. შეგიძლიათ განკარგულების ასლებიც გაიტანოთ და ნახოთ. ზუსტად ის კატეგორიაა მითითებული, ვინც თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო ვერ ახერხებს გადაადგილებას. ისინი არიან ზუგდიდში რეგისტრირებული, მაგრამ ვერ ახდენენ რეგისტრაციის მიხედვით ამას”, – განმარტა მირანდა მესხი.
ოლქის თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციას მისი გადადგომის მოთხოვნით საოლქო კომისიისთვის წერილობით არ მიუმართავს, ისმის მხოლოდ ზეპირი განცხადებები. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში გადადგომას არ აპირებს, რადგან განმარატავს – კანონი არ დაურღვევია.
მირანდა მესხისვე განმარტებით, ყველაფერს თავისი პროცედურები აქვს, რომლის მიხედვითაც მოქმედებენ. მისი თქმით, ის საკითხი, რომლის დაყენებაც დღეს ოპოზიციას სურდა, დღის განრიგით გათვალისწინებული არ ყოფილა.
მესხის თქმით, საჩივრები, რომლებიც დაფიქსირებულია, მოიკვლევენ და განიხილავენ.
კომისიის დღევანდელი სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. კომისიის წევრებს და ოლქის თავმჯდომარეს ოპოზიცია რამდენჯერმე დაუპირისპირდა. კომისიამ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, დღის წესრიგში შეეტანათ და განეხილათ მათი მოთხოვნა, სამაგიდო სიების და რეგისტრატორის ბეჭდების, მათივე მტკიცებით დაუცველ უბნებზე გადატანაზე პასუხისმგებელი პირების საკითხზე მსჯელობის, და ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში, მათ პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
მანამდე ხატია დეკანოიძემ უჩვენა შეკრებილებს ვიდეომასალა, სადაც მისი თქმით ჩანს, თუ სად, როგორ პირობებში გადაიტანეს სიები და რეგისტრატორის ბეჭდები.
ამასთან, მირანდა მესხი მისი და ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას შესაძლო ნათესაურ კავშირს არც ადასტურებს და არც უარყოფს, მისი თქმით ყველა ერთმანეთის ნათესავია.