თამარ ჩუგოშვილი: 19 მაისს, ზუგდიდი, სავარაუდოდ, დაძაბულობის ცენტრი გახდება

1128

პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სტაბილური საარჩევნო პროცესი, შესაძლოა, დაძაბულობაში გადაიზარდოს.

როგორც ჩუგოშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიმართავენ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ ზუგდიდს, რადგან “ყველანაირი ნიშანია იმისათვის, რომ შესაძლებელია ვითარების დაძაბვა სწორედ ამ ადგილას მოხდეს“.

“როგორც მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებამდე. 19 რიცხვში რამდენიმე საარჩევნო ოლქში გაიმართება საარჩევნო კენჭისყრა. გუშინდელ დღემდე, საარჩევნო პროცესი, ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. გუშინ ცხადი გახდა, რომ სავარაუდოდ, დაძაბულობის ცენტრი გახდება ზუგდიდი. გუშინ ვიხილეთ აჟიოტაჟი საარჩევნო კომისიასთან. როგორც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, საარჩევნო ინვენტარის და დოკუმენტაციის გადაცემის პროცესში არ ყოფილა არანაირი კანონდარღვევა. საოლქო საარჩევნო კომისია კანონის მოთხოვნების სრული დაცვით, სრულიად საჯაროდ და გამჭვირვალედ მოქმედებდა. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გავიმეორო და დავადასტურო ეს განცხადება, რომ გუშინდელ შემთხვევაში არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა.

მიუხედავად ამისა, ამ ფაქტის გარშემო დაძაბულობის შექმნის მცდელობა მაინც ვიხილეთ.

ამ პროცესის ნაწილია, ასევე, ოპოზიციის განცხადება, რომ ხდება 5 000 აქტივისტის მობილიზება სხვადასხვა რეგიონიდან ქალაქ ზუგდიდში, რაც იმის მანიშნებელია, რომ ვითარების ესკალაცია იგეგმება სწორედ ამ ადგილას.ჩვენთვის ეს იმის დასტურია, რომ “ქართული ოცნების“ კანდიდატს ზუგდიდში აქვს ძლიერი პოზიციები და არჩევნებში იმარჯვებს, ხოლო ოპოზიციის კანდიდატი მარცხდება. ამიტომ ვხედავთ მცდელობას, რომ სტაბილური საარჩევნო პროცესი დაძაბულობაში გადაიზარდოს.

ნებისმიერ კანონდარღვევას, ძალადობასა და პროვოკაციას, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ადგილი ან ექნება, სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი, კანონისმიერი რეაგირება მოჰყვება.

გვინდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა და მივმართოთ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, როგორც საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ სწორედ ზუგდიდს იმიტომ, რომ ყველანაირი ნიშანია იმისათვის, რომ შესაძლებელია ვითარების დაძაბვა სწორედ ამ ადგილას მოხდეს.

ჩვენი ამოცანაა, არჩევნებმა ჩაიაროს თავისუფალ, სამართლიან გარემოში, მშვიდ გარემოში და ამისთვის მომართულია ყველა სახელმწიფო უწყება.

კიდევ ერთხელ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აქვთ მნიშვნელოვანი როლი იმისათვის, რომ პრევენცია მოხდეს სავარაუდო დაძაბულობის და დარღვევების. ჩვენ ვაპირებთ მათთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობას, ახლაც გვაქვს კომუნიკაცია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება ზუგდიდზე გაამახვილონ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წინ გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ოლქის თავმჯდომარის მირანდა მესხის გათავისუფლებას და მის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ. ოპოზიციამ განმარტა, რომ ხმების მოპარვის უფლებას არავის მისცემენ და თუკი გაყალბება მოხდება, აქციებს განაგრძობენ.

ბრალდებებს უარყოფენ როგორც ოლქში, ისე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ცესკოს განმარტებით, მირანდა მესხს კანონი არ დაურღვევია. რაც შეეხება რეგისტრატორის ბეჭედს, სპეკულაციების მიზეზით მას შეცვლიან.