გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად დღეს, 12:00 საათზე, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავს. ისინი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის გადადგომას მოითხოვენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
14 მაისს, გვიან ღამით ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში უკმაყოფილება მოჰყვა ამომრჩეველთა სამაგიდო სიების საარჩევნო უბნებზე კანონით განსაზღვრულ დროზე ადრე გადაცემას. ოპოზიციის განცხადებით, სიები კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე გაიცა, როცა კანონის მიხედვით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უნდა გაცემულიყო. გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრების თქმით, ეს იყო არჩევნების გაყალბების მცდელობა.
ოპოზიციის უკმაყოფილების მიზეზი გახდა ის ფაქტიც, რომ მირანდა მესხმა წუხელ ასევე არ დააკმაყოფილა კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადება, კომისიის სხდომის დანიშვნის შესახებ. თქვა, რომ ეს საკითხი სხდომაზე განხილვას არ ექვემდებარება.
ოლქის თავმჯდომარის მტკიცებით, მას სამაგიდო სიების უბნებზე გაცემით კანონი არ დაურღვევია. ამბობს, რომ არჩევნებამდე არაუგვიანეს ორი დღისა ეს სიები უბნებზე ნაწილდება. თუმცა რადგან ამ შემთხვევაში გაჩნდა კითხვები გამჭვირვალობასთან, უსაფრთხოებასა და სანდოობასთან დაკავშირებით, სიები უკან დააბრუნეს და დაითვალეს.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობა ღამის 2 საათისთვის დატოვეს.