ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის ექვსი პარტიული და სამი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია დარეგისტრირებული. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
დარეგისტრირებულთა შორის”ახალი ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენელი დათა გაბეჩავა, “საქართველოს ძალოვან-ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობიდან” მალხაზ ლეჟავა და “პატრიოტთა ალიანსიდან” შავლეგ თოდუა არიან.
როგორც შავლეგ თოდუა ამბობს, მერად კენჭისყრა ტყუილმა და უსამართლობამ გადააწყვეტინა. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” ერთად ატყუებენ მოსახლეობას და ზუგდიდში საარჩევნო შტაბებიც კი “სიმბოლურად” გვერდიგვერდ აქვთ.
ამასთან, დღეს კანდიდატად გაერთიანებული ოპოზიციიდან სანდრა რულოვსი დარეგისტრირდა. მმართველი პარტიიდან გამარჯვებისთვის კი გიორგი შენგელია იბრძოლებს.
“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” მერობის კანდიდატია გოგიტა ბიგვავა, ხოლო “თავისუფლება – ზვიადის გზის” კანდიდატი პაატა პირტახიაა.
ასევე, მერობისთვის დამოუკიდებელ კანდიდატებად ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, “სამეგრელოს ხმის” ხელმძღვანელი თენგიზ ჯგუშია და პროფესიით თეოლოგი დავით თორდია იბრძოლებენ.
შეგახსნებთ, რომ ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება. ცესკომ კი 19 მაისის არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი ნომრები უკვე განსაზღვრა,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზუგდიდის მერი ლაშა გოგია და ვიცემერი გია გულორდავა 12 სექტემბერს თანამდებობებიდან გადადგნენ. ორი თვის შემდეგ გოგია და გულორდავა დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს. სასამართლოს ჯერჯერობით მათ მიმართ განაჩენი არ გამოუტანია.