ყვარლის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 3 პროექტი 1 284 766 ლარით დაუფინანსდა.
კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან ქალაქ ყვარელში N1 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის რემონტს 458 342 ლარი მოხმარდება.
ამავე ფონდიდან, სოფელ გავაზში სპორტული მოედნის ტერიტორიაზე საჭიდაო მოედნების მოწყობისთვის 152 722 ლარი, ხოლო, გულოაანთ უბანში გზის მოასფალტებისთვისა და სანიაღვრე არხების გაკეთებისთვის 673 702 ლარი დაიხარჯება.
აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 1 352 385 ლარი დაიხარჯება.
ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ლაგოდეხის, ახმეტის, თელავის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში.