დღეიდან ტაქსის მძღოლები მანქანის წმენდისა და გადაღებვის ვაუჩერებს მიიღებენ

2259

წინა სტატია

დღეიდან ტაქსის მძღოლებს საკუთარი ავტომობილებისთვის ორი სახის ვაუჩერი გადაეცემათ. ერთი ვაუჩერი ავტომობილის სალონის ქიმიური წმენდის, მეორე კი, სატრანსპორტო საშუალების გადაღებვისთვის იქნება.

როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, ნებართვის მფლობელ ტაქსისტებს, რომლებსაც ლიცენზია გააჩნიათ და ეკუთვნით ამ ვაუჩერების მიღება, უკვე მიუვიდათ SMS-შეტყობინებები. მათთვის ცნობილია ყველა ის პროცედურა, რომელიც საჭიროა ვაუჩერების მისაღებად და ასევე ის, თუ როგორ ისარგებლონ შემდეგში ამ ვაუჩერებით. ასევე, სათანადო ინფორმაცია განთავსებულია მერიის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – taxi.tbilisi.gov.ge-ზე, სადაც მითითებულია მისამართები, თუ სად შეუძლიათ ტაქსისტებს ამ ვაუჩერების მიღება.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 21 აგვისტოდან ტაქსით მომსახურების გაწევის მსურველთათვის ნებართვების გასცემას იუსტიციის სახლი აწარმოებდა. პირველი ოქტომბრიდან კი არალიცენზირებულ ტაქსებს მგზავრთა გადაყვანა აეკრძალათ, თუმცა ლიცენზიის გაცემა გრძელდება და გასული წლის 4 დეკემბრიდან ტაქსების სანებართვო პროცედურები მხოლოდ მუნიციპალური მომსახურების ცენტრებში, დედაქალაქის მასშტაბით 11 ადგილზე, ასევე, ელექტრონულ ვებგვერდზეა შესაძლებელი. ტაქსების რეგისტრაციის პროცესში იუსტიციის სახლი ჩართული აღარაა.

ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის თეთრად გადაღებვის შემთხვევაში მანქანის პასპორტის შეცვლაც მოუწევთ, რომელიც 35 ლარი დაუჯდებათ. 28 თებერვლის მონაცემებით ტაქსის 27 324 ნებართვაა გაცემული.

ტაქსის მძღოლებმა 2 წლით მანქანაზე იმ კომპანიის რეკლამა უნდა განათავსონ, რომელიც გადაღებვის ვაუჩერს გადასცემთ. ამასთან, თბილისში თეთრი ფერის გარდა, გარკვეულ შემთხვევაში სხვა ფერის ტაქსებიც იმოძრავებენ. ასევე, 2019 წლის ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურებაც აიკრძალება.

“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილის ინიციატივით, ნასამართლევ პირებს, შესაძლოა, ტაქსის მძღოლობა აეკრძალოთ.

თბილისის მერიამ ტაქსების უფასო პარკირებისთვის, დედაქალაქის მასშტაბით, 274 ადგილზე გათვლილი 86 ადგილი შეარჩია. მათი განლაგების სქემის ხილვა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე.

დედაქალაქში 9 მისამართზე ტაქსების პარკირების ადგილები გასულ წელს დაიხაზა.