ხვალიდან ტაქსის მძღოლები მანქანის წმენდისა და გადაღებვის ვაუჩერებს მიიღებენ

1183

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პირველი მარტიდან ტაქსის მძღოლებს საკუთარი ავტომობილებისთვის ორი სახის ვაუჩერი გადაეცემათ. მისი თქმით, ერთი ვაუჩერი ავტომობილის სალონის ქიმიური წმენდის, მეორე კი, სატრანსპორტო საშუალების გადაღებვისთვის იქნება.

“ტაქსების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, რომელსაც მეორე ეტაპს დავარქმევდი – ეს არის ავტომანქანების ვიზუალური სტანდარტიზაცია. პირველი მარტიდან მოხდება ორი სახის ვაუჩერის გაცემა, რაზეც ჩვენ აქამდე არაერთხელ გვისაუბრია. ერთია – მანქანის გადაღებვის ვაუჩერი, რათა ავტომანქანა გარეგან სტანდარტთან შესაბამისობაში მოვიდეს და მეორე – ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი. ამდენად, 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული მარცხენასაჭიანი, ხუთკარიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ტექნიკური ინსპექტირება, პროცედურის გავლიდან ორი კვირის ვადაში მიმართავენ მითითებულ მისამართებს და მიიღებენ ამ დასახელებულ ვაუჩერებს.

ნებართვის მფლობელ ტაქსისტებს, რომლებსაც ლიცენზია გააჩნიათ და ეკუთვნით ამ ვაუჩერების მიღება, უკვე მიუვიდათ SMS-შეტყობინებები. მათთვის ცნობილია ყველა ის პროცედურა, რომელიც საჭიროა ვაუჩერების მისაღებად და ასევე ის, თუ როგორ ისარგებლონ შემდეგში ამ ვაუჩერებით. ასევე, სათანადო ინფორმაცია განთავსებულია მერიის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – taxi.tbilisi.gov.ge-ზე, სადაც მითითებულია მისამართები, თუ სად შეუძლიათ ტაქსისტებს ამ ვაუჩერების მიღება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 21 აგვისტოდან ტაქსით მომსახურების გაწევის მსურველთათვის ნებართვების გასცემას იუსტიციის სახლი აწარმოებდა. პირველი ოქტომბრიდან კი არალიცენზირებულ ტაქსებს მგზავრთა გადაყვანა აეკრძალათ, თუმცა ლიცენზიის გაცემა გრძელდება და გასული წლის 4 დეკემბრიდან ტაქსების სანებართვო პროცედურები მხოლოდ მუნიციპალური მომსახურების ცენტრებში, დედაქალაქის მასშტაბით 11 ადგილზე, ასევე, ელექტრონულ ვებგვერდზეა შესაძლებელი. ტაქსების რეგისტრაციის პროცესში იუსტიციის სახლი ჩართული აღარაა.

ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის თეთრად გადაღებვის შემთხვევაში მანქანის პასპორტის შეცვლაც მოუწევთ, რომელიც 35 ლარი დაუჯდებათ. 28 თებერვლის მონაცემებით ტაქსის 27 287 ნებართვაა გაცემული.

ტაქსის მძღოლებმა 2 წლით მანქანაზე იმ კომპანიის რეკლამა უნდა განათავსონ, რომელიც გადაღებვის ვაუჩერს გადასცემთ. ამასთან, თბილისში თეთრი ფერის გარდა, გარკვეულ შემთხვევაში სხვა ფერის ტაქსებიც იმოძრავებენ. ასევე, 2019 წლის ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურებაც აიკრძალება.

“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილის ინიციატივით, ნასამართლევ პირებს, შესაძლოა, ტაქსის მძღოლობა აეკრძალოთ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ ტაქსების უფასო პარკირებისთვის, დედაქალაქის მასშტაბით, 274 ადგილზე გათვლილი 86 ადგილი შეარჩია. მათი განლაგების სქემის ხილვა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე.

დედაქალაქში 9 მისამართზე ტაქსების პარკირების ადგილები გასულ წელს დაიხაზა.