ზუგდიდის სკეიტპარკის მიმდებარე ტერიტორია, შესაძლოა, ინვესტორზე გაასხვისონ

728

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას განცხადებით, შესაძლოა, ყინულის მოედნის მოვლა-პატრონობა იმ ინვესტორს დაევალოს, რომელიც სკეიტპარკის მიმდებარე ტერიტორიის შეძენითაა დაინტერესებული. მისი თქმით, სკეიტპარკის მიმდებარედ სასტუმროს აშენებით “m2 უძრავი ქონება“ დაინტერესდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“ჯერ არ არის განსაზღვრული, რა მოცულობის მიწის ნაკვეთს გადავცემთ ინვესტორს. ეს იყო იდეის სახით. იქნება საზოგადოებრივი განხილვა და ყველა ერთად მივალთ საღ აზრამდე“, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

მისივე თქმით, არის იდეა, რომ მუნიციპალიტეტმა ინვესტორს ვალდებულებაში მიუთითოს ყინულის მოედნის მოვლა-პატრონობის საკითხი. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება უმრავლესობის დეპუტატებმა აღნიშნული იდეა მოიწონეს.

ყინულის მოედნის გაკეთება იმას ჰგავს, სახლ-კარი რომ არ გქონდეს და საცურაო აუზს აშენებდე. ჩვენ ვერ გავწევთ ხარჯებს, რადგან ძალიან ძვირი ჯდება“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა ზაზა პროკოპენკომ.

“მე უპირობოდ ვეთანხმები, რომ ის საუკეთესოა ბავშვთა გაჯანსაღებისათვის, მაგრამ ვთვლი, რომ ინვესტორები უნდა დავაინტერესოთ ამ საკითხით“, – განაცხადა კონსტანტინე კაკავამ.

ფრაქცია “ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელიას განცხადებით, ყინულის მოედანმა ფუნქციონირება უნდა განაგრძოს, მაგრამ მუნიციპალიტეტის მიერ სკეიტპარკის მიმდებარე ტერიტორიის შესაძლო გასხვისება მისთვის მიუღებელია.

“ეს არის კატეგორიულად მიუღებელი გადაწყვეტილება ჩვენი ქალაქისთვის. სკეიტპარკი არის ჩვენი ქალაქის ძალიან მნიშვნელოვანი ზონა, რომლის განვითარება მისი სახელწოდების შესაბამისად უნდა გაგრძელდეს და დაუშვებელია იქ სასტუმროების და ბიზნეს ინტერესების გავრცელება. ცივილურ ქვეყნებში ვერც გაბედავდა ხელისუფლება ასეთი ტერიტორიის კერძო პირისთვის მიყიდვაზე ფიქრსაც კი“, – განაცხადა ბათლომე შელიამ.

კომპანიამ სასტუმროს კონცეფციის პრეზენტაცია გასული წლის 25 ნოემბერს სკეიტპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართა. კომპანიაში განაცხადეს, რომ განხორციელების შემთხვევაში, ახალი სასტუმრო პირველი საერთაშორისო ბრენდი იქნება ზუგდიდში. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი ლარია.