ზუგდიდში ყინულის მოედნის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა

775

წინა სტატია

ზუგდიდში ყინულის მოედნის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა. რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა ფიდერები და მოხდა ჰიდრავლიკური სისტემის რეკონსტრუქცია-მოდერნიზება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

როგორც სამუშაოების შესრულებელი კომპანიის “კელვინის” დირექტორი ზურაბ ომიაძე ამბობს, ახლა ობიექტის ჩაბარების პროცედურები მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, მერია ეძებს აკრედიტებულ ორგანიზაციას, რომელიც ობიექტს მიიღებს და შეამოწმებს.

ზუგდიდის მერიაში განმარტავენ, რომ ობიექტის სამშენებლო კომპანიისგან ჩაბარების პროცესი წლის ბოლოსთვის დასრულდება. ყინულის სახლი 2019 წლიდან ამუშავდება, თუმცა კონკრეტულად როდის, ჯერ არ იციან.

“სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან ერთად, ჩვენი ზედამხედველობის სამსახური აკეთებს ინსპექტირებას. წლის ბოლოსთვის ჩავიბარებთ. დანარჩენ დეტალებზე უკვე ჩაბარების შემდეგ შეგვეძლება საუბარი“, – ამბიობენ მერიაში.

მათივე განმარტებით, ყინულის სახლის მოვლა-პატრონობისთვის  ა(ა)იპ სპორულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის ბიუჯეტიდან გათვალისწინებულია თანხები, ფუნქციონირებისთვის კი, მიმდინარეობს ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოძიება. კერძოდ, იმუშავებენ დამატებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულის გამოყოფაზე. ასევე, დონორ ორგანიზაციებთან.

“შესაბამისი თანხები ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ ასახული იქნება ადგილობრივ ბიუჯეტში“, – ამბობენ მერიაში.

მათივე ცნობით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 100 ათასი ლარი ყინულის სახლის მოვლა-პატრონობაზე დაიხარჯება. თანხის ზუსტ ოდენობას ა(ა)იპ-ი ბიუჯეტის დამტკიცების შემდგომ განსაზღვრავს.

2018 წლის თებერვალში ზუგდიდის საკრებულომ ყინულის მოედნისთვის 407 ათასი ლარის გამოყოფას დაუჭირა მხარი. ინიციატივას საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აკრიტიკებდა, რადგან დაწესებულების აღდგენის სამუშაოებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 2017 წელსაც გამოიყო 154 ათასი ლარი.