ზუგდიდის შპს “მუნიციპალური ტრანსპორტის დირექტორმა” ბადრი ნემსაძემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე განაცხადა, რომ სტუდენტებისა და პედაგოგების უფასო მგზავრობის პროგრამა ზარალის მომტანია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
“ვიცით, რომ უკმაყოფილებას გამოთქვამენ მძღოლები და თითქოს აყვედრიან უფასოდ მგზავრობას პედაგოგებსა და სტუდენტებს. რას აკეთებთ ამ პრობლემების მოსაგვარებლად?“, – ჰკითხა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ თამარ ჯიქიამ მიმართა ბადრი ნემსაძეს.
მისი კითხვის პასუხად, მუნიციპალური ტრანსპორტის დირექტორმა თქვა, რომ მძღოლები უკმაყოფილები არიან იმის გამო, რომ მათ შემოსავალი დააკლდათ.
“უფასო მგზავრობის პროგრამა არ ამართლებს. ასეთი რამე სხვა მუნიციპალიტეტებში არ არის“, – განაცხადა ბადრი ნემსაძემ.
საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ქადარიას განცხადებით, უფასო მგზავრობის პროგრამა არის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ის უნდა აღსრულდეს.
“შესაძლოა იყოს რაღაც ხარვეზები, მაგრამ პროგრამა დაიხვეწება. ზოგადად, ასეთი პროგრამებით ამაყობს ჩვენი მუნიციპალიტეტი. ამიტომ ყველამ, ვისაც ევალება ამ გადაწყვეტილების აღსრულება, უნდა აღასრულოს“, – განაცხადა ქადარიმ.
შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბრიდან ზუგდიდის საჯარო სკოლების, საბიუჯეტო ქსელის სახელოვნებო სკოლების, სახელმწიფო ბაღების თანამშრომლები, აკრედიტირებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობენ.
პედაგოგები აცხადებენ, რომ მერიის მიერ შეთავაზებული უფასო მგზავრობის სერვისით ვერ სარგებლობენ. მათი თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას, მძღოლებისთვის საჭირო საბუთების წარდგენის შემდეგ პრობლემები ექმებათ. კერძოდ, ისინი უხეშად მიმართავენ და თანხის გადახდას სთხოვენ.