ზუგდიდის შპს “მუნიციპალური ტრანსპორტის დირექტორი” ბადრი ნემსაძე, რომელიც გასული წლის ნოემბერში აცხადებდა, რომ სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის უფასო მგზავრობის პროგრამა ზარალის მომტანი იყო, ახლა პროგრამისთვის დაფინანსების გაზრდას ითხოვს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
“მძღოლები არ ჩხუბობენ, მაგრამ პრობლემები არის. ისინი უკმაყოფილოები არიან იმიტომ, რომ მათ შემოსავალი დააკლდათ. უნდა გაიზარდოს სუფსიდია. გაირკვა, რომ აღნიშნული პროგრამის დაფინანსების შემდეგ, დღეში, დაახლოებით, 650 მგზავრი უფასოდ დადის. ამას 80 თეთრზე რომ გავამრავლებთ თვის განმავლობაში 18 000 ლარი გამოდის და გამოყოფილი თანხა საკმარისი არ არის. ამიტომ ვითხოვთ პროგრამისთვის გამოყოფილი თანხის გაზრდას. ამაზე მივმართე მერიას და საკითხს სწავლობენ“, – ამბობს ნემსაძე.
მერიაში განმარტავენ, რომ ამ სასწავლო წლის დასრულებამდე მუნიციპალური ტრანსპორტით დაფინანსებისთვის 50 000 ლარია გამოყოფილი.
“ახალი სასაწავლო წლიდან კი რა საჭიროებაც გვექნება, რესურსის შევსება მოხდება იმის შესაბამისად“, – აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 17 სექტემბრიდან ზუგდიდის საჯარო სკოლების, საბიუჯეტო ქსელის სახელოვნებო სკოლების, სახელმწიფო ბაღების თანამშრომლები, აკრედიტირებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობენ.
პედაგოგები აცხადებენ, რომ მერიის მიერ შეთავაზებული უფასო მგზავრობის სერვისით ვერ სარგებლობენ. მათი თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას, მძღოლებისთვის საჭირო საბუთების წარდგენის შემდეგ პრობლემები ექმებათ. კერძოდ, ისინი უხეშად მიმართავენ და თანხის გადახდას სთხოვენ