პედაგოგების განცხადებით, ვერ სარგებლობენ მერიის მიერ შეთავაზებული უფასო მგზავრობის სერვისით. მატი თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას, მძღოლებისთვის საჭირო საბუთების წარდგენის შემდეგ პრობლემები ექმებათ. კერძოდ, ისინი უხეშად მიმართავენ და თანხის გადახდას სთხოვენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
“მძღოლმა მითხრა, მე აქედან მეძლევა ფული, სულ სტუდენტები და მასწავლებლები დამყავს, თქვენ ყველამ თუ საბუთი მიჩვენეთ მე რა ვაკეთოო. ხმამაღლა მომმართა, შემრცხვა და ფული მივუგდე“, – ამბობს ერთ-ერთი საბავშვო ბაღის მასწავლებელი. მას სხვა უკმაყოფილო პედაგოგების მსგავსად ვინაობის დასახელება არ სურს.
მერიაში აცხადებენ, რომ მათთან მსგავსი პრეტენზიებით მასწავლებლებს არ მიუმართავთ.
პრესსამსახურის წარმომადგენლის, მაგდალინა თოდუას თქმით, თავი სხვა სახის პრობლემებმა იჩინა.
“დაფიქსირებულა ისეთი ფაქტები, როცა პედაგოგებს არ მიჰქონდათ მოწმობა, ან მიჰქონდათ მხოლოდ ბარათი და თან არ ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მძღოლს ეუბნებოდნენ, რომ პედაგოგი ვარო და თან არ ჰქონდათ ეს მოწმობა და ა.შ.
ასე არ შეიძლება. მათ თან უნდა ჰქონდეთ პირადობის მოწმობაც და ბარათიც, რადგან მასწავლებლის ბარათი ძალაშია პირადობის მოწმობასთან ერთად“, – განაცხადა მაგდალინა თოდუამ.
მისივე თქმით, მოქალაქეებს, რომლებსაც ეკუთვნით და ვერ სარგებლობენ უფასო მგზავრობით, შეუძლიათ მიმართონ მერიას, ან დარეკონ ცხელ ხაზზე, რომელიც მერიის ინფორმაციით, გაკრულია ავტობუსებში.
მერიაში განმარტავენ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს ყოველთვიურად სახელფასო ანაზღაურება ეძლევათ შემოსავლიდან მიღებული პროცენტის მიხედვით.
შეგახსენებთ, ზუგდიდის მერიამ დაანონსა, რომ 17 სექტემბრიდან სტუდენტები და პედაგოგები ზუგდიდში უფასოდ იმგზავრებენ. აღნიშნულ ინიციატივას მიმდინარე წლის აგვისტოში დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.