რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის მერის თემურ აბაზოვის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდებულის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები და კომლექსური ექსპერტიზა უკვე ჩატარდა. ადვოკატების განცხადებით, აბაზოვის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება უნდა შეიცვალოს. უფლებადამცველებმა შუამდგომლობა დააყენეს, რომლის მიხედვითაც ისინი აბაზოვის გათავისუფლებას 40.000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვენ. ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.
თემურ აბაზოვმა სასამართლოში სიტყვის უფლებით ისარგებლა. მან რამდენიმე კითხვით პროკურორსაც მიმართა, აბაზოვის თქმით, პროკურატურას მის წინააღმდეგ არაფერი აქვს და გარკვეულ პროცედურებს წელავს დროის გაყვანის მიზნით.
“ბევრი შეცდომა დაუშვა პროკურატურამ. იყო შიშის ფაქტორი, რადგან დაემთხვა სარალიძის გამოსვლებს. მაშინდელ ქვეყნის პირველ პირებს დაუკავშირდნენ. მათ იცოდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილთან ვმეგობრობდი და მაშინდელმა პირველმა პირებმა უთხრეს მიდით ბოლომდე მიაწექითო. აბა ასე ამხელა თანამდებობის პირის დაჭერა არ ხდება. მე არ ვარ დამნაშავე. საერთოდ არ ვყოფილვარ იქ მე. ვიდეოში ჩემი ხმა არაა”, – თქვა აბაზოვმა პროცესზე.
პარალელურად, რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან აბაზოვის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ასახული დანაშაულის გამო, რომელიც მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, პროკურატურამ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავა.