მარნეულის მერის ადვოკატი მთავარ პროკურორს საქმის გამოძიების პირად კონტროლზე აყვანას სთხოვენ

709

წინა სტატია

მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის ადვოკატები გაგი მოსიაშვილი და მერაბ ჩიქოვანი ახალ მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს თხოვნით მიმართავენ, რომ აბაზოვის საქმის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანოს. როგორც ადვოკატებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, თემურ აბაზოვი უდანაშაულოა და მის მიმართ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, ხოლო საქმის ობიექტურად გამოძიების შემთხვევაში იმედოვნებენ, რომ მარნეულის მერი თანამდებობას დაუბრუნდება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

უფლებადამცველების განცხადებით, დაცვის მხარის მიერ ჩატარებული გამოძიების პროცესში გამოვლინდა ეჭვი, რომ ელჩინ ა., რომელიც აბაზოვის დაკავების საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი, “ვიღაცაზე მუშაობდა”, თუმცა კონკრეტულად ვისზე, ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი ამბობს, რომ შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში დაცვის მხარე ამაზე დეტალურად ისაუბრებს.

“ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს ადამიანი ვიღაცაზე მუშაობდა, თუმცა რა მიზნით, არ ვიცი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის გარკვეული ჯგუფების დავალებებს ასრულებდა. დაცვის მხარე მუშაობს იმისთვის, რომ ეს ჯგუფი გამოავლინოს. მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში კი ამის შესახებ საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას მივაწვდით”, – განაცხადა ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა.

თემურ აბაზოვის კიდევ ერთი ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, წინასასამართლო სხდომა აბაზოვის საქმეზე 6 აგვისტოს იყო ჩანიშნული, თუმცა პროკურატურამ სასამართლოს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართა. ამის მიზეზად კი მტკიცებულებების მოპოვება დაასახელა. ადვოკატების განმარტებით, ასეთ შემთხვევაში დაცვის მხარეს შიში აქვს, რომ პროკურატურის მიერ განზრახ არ მოხდეს აბაზოვისთვის ბრალის დამძიმება.

გაგი მოსიაშვილის განცხადებით, დაცვის მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით გამოვლინდა, რომ თემურ აბაზოვი მარნეულის რაიონში ებრძოდა კორუფციას და ნეპოტიზმს, რის გამოც მას გარკვეული პირები უპირისპირდებოდნენ. მისი თქმით, აბაზოვთან დაპირისპირებული პირები არიან ისინი, რომლებსაც თავიანთი ძალების გაძლიერება სურდათ მარნეულში. ადვოკატის თქმით, აბაზოვის დაკავებას წინ ფიზიკური დაპირისპირებაც უძღოდა.

“ორი თვის განმავლობაში საგამოძიებო ორგანომ ვერ უზრუნველყო წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით მტკიცებულების მოპოვება. პროცესის მწარმოებელმა ორგანომ ამ ორი თვის განმავლობაში ვერ დაადასტურა თემურ აბაზოვის მიმართ რაიმე დასაბუთებული არგუმენტაცია, თუნდაც მოწმეთა ჩვენებებით, რომ რასაც ედავებიან აბაზოვს, ეს შესაძლოა მის მიერ იყოს ჩადენილი. ამიტომ, დაცვის მხარეს გარკვეულწილად შიშიც გაგვიჩნდა, რომ არ მოხდეს საგამოძიებო ორგანოების მხრიდან არასწორი ან ე.წ. ცრუ მოწმეების კვალზე აბაზოვისთვის ბრალის დამძიმება.

ჩვენ დავინტერესდით ასევე იმით, მერობის პერიოდში რით იყო აბაზოვი დაკავებული, მერობის დროს მასთან კონფლიქტში ხომ არ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მისი მერობა არ მოსწონდათ. აღმოჩნდა, რომ მას შემდეგ რაც აბაზოვი მერი გახდა, ბრძოლა გამოუცხადა კორუფციას და ნეპოტიზმს. ეს არის გამოკითხვაში დაფიქსირებული ადამიანების პოზიცია. ამ ადამიანების ინფორმაციით, კანონის ფარგლებში ხდებოდა ყველა გადაწყვეტილების მიღება მერის მხრიდან. ამ სიტუაციაში შესაძლოა, ძალიან ბევრი დაპირისპირება ყოფილიყო მერთან. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მასთან დაპირისპირებაში იმყოფებოდნენ სხვადასხვა ჯგუფები, ისინი, ვისაც მარნეულში თავიანთი ძალების მობილიზება სურდა. ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციით დადგინდა, რომ ამ პროვოკაციამდე რამდენიმე ხნით ადრე, აბაზოვის მიმართ განხორციელდა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ მიმართულებითაც ვაგრძლებთ მუშაობას. დაცვის მხარე იკვლევს ვისთან და რატომ მოხდა ეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩვენ არ გამოვრივხავთ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა, რომელიც წინ უძღოდა ამ სიტუაციას, გარკვეულწილად კავშირში იყოს აბაზოვთან მომხდარ პროვოკაციასთან“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ასახული დანაშაულის გამო, პროკურატურამ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი გუშინ დააკავა. ამავე ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნა ასევე დაწყებულია პარლამენტის წევრის “ნაციონალური მოძრაობიდან”, აზერ სულეიამანოვის, მარნეულის საკრებულოს წევრის “ქართული ოცნებიდან”, რამინ ალახვერდიევისა და მარნეულის მერის ნათესავის წინააღმდეგ.