ბორჯომის საკრებულოში, ფრაქცია “პატრიოტების” წევრებმა ფრაქციის თავმჯდომარე ნიკოლოზ კიკნაძე თანამდებობიდან გადააყენეს. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
ფრაქცია “ბორჯომის პატრიოტების” წევრები ამბობენ, რომ ნიკოლოზ კიკნაძე საკრებულოს სხდომებს არ ესწრებოდა და დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებდა.
ნიკოლოზ კიკნაძე კი ამბობს, რომ მისი გადაყენების გადაწყვეტილება შესაძლოა სასამართლოში გაასაჩივროს, ამასთან ადასტურებს, რომ ბორჯომის საკრებულოს თავმდჯომარის თანამდებობიდან ზაზა ჩაჩანიძის იმპიჩმენტის შემდეგ, სხდომებს არ დასწრებია.
ფრაქცია „ბორჯომის პატრიოტებს“ ირმა ზედგინიძე უხელმძღვანელებს.
ბორჯომის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეს, პატრიოტთა ალიანსის წევრს ზაზა ჩაჩანიძეს იმპიჩმენტი ბორჯომის მერიის მაღალჩინოსნებისა და საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების სკანდალის გამო გამოუცხადეს და თანამდებობიდან 28 მარტს გადააყენეს.
ბორჯომში პოლიტიკური კრიზისი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის მიზეზი მერიის თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის საკითხი გახდა. საკრებულომ მუნიციპალიტეტის მერიას სარგოების შესახებ დოკუმენტი შენიშვნებით უკან შვიდჯერ დაუბრუნა.