ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არ შეუშვეს.
ჩაჩანიძეს კართან სამართალდამცველები დახვდნენ და შესვლაზე უარი უთხრეს. იგი მიიჩნევს, რომ ეს უკანონობაა.
“კანონს უნდა იცავდნენ და არღვევენ ამ შემთხვევაში. ახსნა–განმარტებასაც არ იძლევიან. რაც შეეხება ოქმებს, სანამ ვერ შევალ მე შენობაში, ვერაფერზე ვისაუბრებ”, – განმარტა მედიასთან ჩაჩანიძემ.
დილიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციის დამატებითი რაზმებია მობილიზებული. ვითარება აქ გუშინ, 28 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გართულდა. სახელისუფლო პარტიას, ოპოზიციასა და მერიის თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს. ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს და “ქართული ოცნება” უმცირესობაშია, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი “ქართული ოცნების” წევრია.
გამოყენებულია “სამხრეთის კარიბჭის” ვიდეომასალა