ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელი ჩაკეტეს

1023

წინა სტატია

ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა სავარძლებით ჩახერგეს საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელი კარი, თავადაც იქ იმყოფებიან და ამბობენ, რომ იქამდე არ გაათავისუფლებენ შესასვლელს, ვიდრე საკრებულო ხელფასების საკითხს არ გადაწყვეტს. ბორჯომის მერიაში მუშაობა პარალიზებულია.

საკრებულოს ხმაურიანი სხდომის შემდეგ, რომელზეც ისევ ვერ დამტკიცდა ბორჯომის მერიის თანამშრომლების გაზდილი სახელფასო ოდენობები, ბორჯომის მერიაში თანამშრომლებმა მუშაობა შეწყვიტეს. ამ წუთებში მათ სავარძლებით აქვთ ჩაკეტილი საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის კაბინეტის შესასვლელი, თავად საკრებულოს თავმჯდომარე კი კაბინეტში იმყოფება.

„რამდენი ხანია ვმუშაობთ და ფულს ვერ ვიღებთ, ოჯახები გვყავს. მოვითხოვთ, რომ პასუხისმგებლობა აიღოს საკრებულომ იმ ვითარებაზე, რაც არის შექმნილი ბორჯომში. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას მოვითხოვთ“, – აცხადებენ მერიის თანამშრომლები, რომლებიც კაბინეტის შესასვლელში მიტანილ სავარძლებზე სხედან.

შეხვედრა ზაზა ჩაჩანიძესთან, რომელიც სხდომის მერე დაიწყო და ხმაურით წარიმართა დასრულებულია.

ზაზა ჩაჩანიძე ამბობს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ბორჯომის მერმა ლევან ლიპარტიამ უნდა აიღოს და არა საკრებულომ: „ხელფასების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა ბევრჯერ ვთხოვეთ, ოფიციალურად მივწერეთ, მაგრამ კომუნიკაციაზე არ გამოდის. ხალხმა პასუხი ჩვენ კი არა, მერს უნდა მოსთხოვოს“.

მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე 30 საკითხი იყო განსახილველი და მხოლოდ ხელფასების საკითხი ჩავარდა: „დანარჩენი ყველა საკითხი საკრებულომ გაიტანა. 4,5 მლნ ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები დამტკიცდა“.

შეგახსენებთ, დღეს სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა საკრებულოს სხდომა ბორჯომში, რომელსაც, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, პირველად დაესწრნენ ‘ქართული ოცნების’ დეპუტატები. სხდომის დასრულების შემდეგ კი დეპუტატები და მერიის თანამშრომლები ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ.

ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობაში ოპოზიციური პარტიის დეპუტატები არიან, ოპოზიციური ფლანგიდანაა საკრებულოს თავმჯდომარეც – ზაზა ჩაჩანიძე, „პატრიოტთა ალიანსიდან“. ამ ფაქტის გამო, ახალი მოწვევის საკრებულოში, პირველივე სხდომა ხმაურით დაიწყო, რასაც შემდეგ ‘ქართული ოცნების“ დეპუტატების ბოიკოტი მოჰყვა. პარალელურად, უკვე ხუთჯერ ჩავარდა ქვორუმის არარსებობის გამო, რიგგარეშე სხდომა ბორჯომში, რომელსაც მხოლოდ ოპოზიცია ესწრებოდა და რომელზეც მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხი უნდა განეხილათ. ამ ჩავარდნების გამო, კი მერიის 125 თანამშრომელს ორი თვეა ხელფასი არ აუღია.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე