ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე მომხრეა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბორჯომის საკრებულოს ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. ასე გამოეხმაურა ფოფხაძე ბორჯომის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებას. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
„მსგავსი სამწუხარო ფაქტები წინა მოწვევის საკრებულოშიც ხდებოდა. ამ ყველაფრის ცენტრში გიუაშვილი იყო. წინა მოწვევის საკრებულოში, მოქმედმა თავმჯდომარემ ჩაჩანიძემ გიუაშვილისგალახვა დაგეგმა. ახლა ერთად არიან, რაც არსებული ფონის გათვალისწინებით ბუნებრივად მიმაჩნია, რადგან ადამიანები სხვა ფორმას ვერ ნახულობენ თუ არა, ფიზიკურ დაპირისპირებასა და შეურაცხყოფას. “ლეიბორისტები” “პატრიოტთა ალიანსი” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთად ერთადერთი მიზნით დადგა, რომ “ქართულ ოცნებას” შანტაჟი და საბოტაჟი მოუწყოს, რათა ვერაფერი გავაკეთოთ. ეს რაიონსა და მოსახლეობას აზარალებს. შეიძლება სხვადასხვა გამოსავალი მოიძებნოს, მაგრამ შეიძლება ერთ-ერთი გამოსავალი ხელახალი, ახალი არჩევნების ჩატარება იყოს”, – განაცხადა ფოფხაძემ.
საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ ბორჯომის საკრებულოს შენობაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს მერიის თანამშრომლები, საკრებულოდან „ქართული ოცნების“ წევრები და ოპოზიციის დეპუტატები დაუპირისპირდნენ.
ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე ბორჯომის მერიის ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა დღეს კვლავ ვერ დამტკიცდა. მერიის მიერ ხელმეორედ წარდგენილ საკითხს მხარი მხოლოდ „ქართული ოცნების“ 11-მა დეპუტატმა დაუჭირა, რომლებიც დღესსხდომას ბოიკოტის შემდეგ პირველად დაესწრნენ.
31 იანვრიდან დღემდე, ბორჯომში კვორუმის არარსებობის გამო, მეექვსედ არ შედგა საკრებულოს სხდომა, რომელზეც ერთ-ერთ საკითხად ხელფასების ოდენობები უნდა განეხილათ. ამის გამო თვითმმართველობის 125 თანამშრომელს დღემდე არ აუღია იანვრის ხელფასი.