“ჩაჩანიძე, ბორჯომის მტერი”, “მოღალატე გადადექი”, “ჩაჩანიძე პრემია 19 080 ლარი”, “ჩაჩანიძე შეეკრა ნაცებს და ნეონაცებს”, “ჩაჩანიძემ უღალატა თავის პარტიას”, – ამ წარწერებიანი ტრანსფარანტებით, ბორჯომის მერიის თანამშრომლები მერიის შენობის წინ უხელფასობას აპროტესტებენ და ხელფასების დარიცხვას ითხოვენ.
ტრანსფარანტები დაიკავეს იმ თანამშრომლებმაც, რომლებსაც საკრებულოს თავმჯდომარის შესასვლელი აქვთ ჩაკეტილი სავარძლებით. ამ წუთებში საკრებულოს შენობაში გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რადგან მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის თანამშრომელი ნინო არევაძე შეუძლოდ გახდა.
საპროტესტო აქცია ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც დღევანდელ სხდომაზე ისევ ჩავარდა მერიის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურების საკითხი. ისინი საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ჩაჩანიძეს მოუწოდებენ, დღესვე დაამტკიცოს სახელფასო ანაზღაურებების ოდენობა.
“ორი თვე მოსახლეობას უხელფასოდ ისე ვემსახურეთ, რომ არავის არფერი უგრძვნია, მოვითხოვთ კუთვნილ ხელფასებს'”, – ამბობენ მერიის ის თანამშრომლები, რომლებიც შენობასთან ტრანსფარანტებით დგანან.
შეგახსენებთ, დღეს სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა საკრებულოს სხდომა ბორჯომში, რომელსაც, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, პირველად დაესწრნენ ‘ქართული ოცნების’ დეპუტატები. მიუხედავად ამ წარმომადგენლობითი დასწრებისა ხელფასების საკითხი ვერც დღეს დამტკიცდა. სხდომაზე მყოფი 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი მხოლოდ “ქართული ოცნების” 11-მა დეპუტატმა დაუჭირა, 15 ოპოზიციონერი დეპუტატის უარის გამო საკითხი ჩავარდა, რასაც სხდომაზე ხმაური მოჰყვა. დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
სხდომის დასრულების შემდეგ, მერიის თანამშრომელთა ნაწილმა, სავარძლებით ჩახერგა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელი კარი. ისინი თავადაც იქ იმყოფებიან და ამბობენ, რომ იქამდე არ გაათავისუფლებენ შესასვლელს, ვიდრე საკრებულო ხელფასების საკითხს არ გადაწყვეტს. ბორჯომის მერიაში მუშაობა პარალიზებულია.
ვითარებას გამოიეხმაურა ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, გედევან ფოფხაძეც, რომელიც ინიციატივით გამოდის, რომ ბორჯომის საკრებულოს ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე