ბასილაია: ვაკის პარკში შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა აგვისტოს ბოლოს და მას შემდეგ ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდნენ ჩართულ აუზში

328

წინა სტატია

თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განმარტებით, ვაკის პარკში მდებარე შადრევნის რეაბილიტაციის პროცესი აგვისტოში დასრულდა და მას შემდეგ სისტემის ტესტირება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტი ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას ყოველთვის უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს ითხოვს.

„მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ობიექტი გვაქვს ქალაქში და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები არსად გვქონია. ამ შემთხვევაშიც, გათვალისწინებული იყო კონკრეტული „რელე“, რომელსაც უნდა ემუშავა ძაბვის ცვალებადობის დროს. ახლა გამოძიების საგანია, რატომ არ იმუშავა ამ ხელსაწყომ. ამასთან, რეალურად შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა აგვისტოს ბოლოს, რის შემდეგაც, როგორც მუნიციპალიტეტის, ისე კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში იყვნენ ჩართულ შადრევანში, აქტიურად აკეთებდნენ სისტემის ტესტირებას და რაიმე შემთხვევა არც ერთხელ დაფიქსირებულა“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

დედაქალაქის მერის მოადგილემ იმ პროცედურებზეც ისაუბრა, რომელიც პროექტმა გაიარა.

„კასკადის რეაბილიტაციის პროექტი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი მუნიციპალიტეტში, წარიმართა შემდეგნაირად: ჩვენ შევისყიდეთ კასკადის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ჩავიბარეთ დაექსპერტებული, ანუ მას მოჰყვა შესაბამისი საექსპერტო დასკვნა და დაიწყო უშუალოდ კასკადის რეაბილიტაციის განხორციელება. ამ პროცესში ასევე ჩართულია მუნიციპალური ლაბორატორია, რომელიც უწევს ტექნიკურ ზედამხედველობას და აკეთებს მოცულობების დადასტურებას, ანუ რა მოცულობები და რა სახის მასალები შემოვიდა ობიექტზე. როდესაც მოდის კონკრეტული ეტაპის მიღება-ჩაბარების დრო, ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რისი საფუძველიც არის საექსპერტო დასკვნა ჩატარებულ სამუშაოებზე. საექსპერტო ბიურო ადარებს პროექტის შესაბამისობას შესრულებულ სამუშაოსთან და წერს შესაბამის დადებით დასკვნას, რომლის შემდეგაც კონკრეტული სამუშაოს ჩაბარება ხდება“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში შესაბამისი პირების გამოკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს. სამმართველოში ამ დრომდე იმყოფებიან კომპანია „გრინსერვის პლუსის“ თანამშრომლები, მათ შორის კომპანიის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, რომლებიც გამოკითხვაზე ჯერ კიდევ გუშინ მივიდნენ. სწორედ ამ სამსახურმა ჩაიბარა ვაკის პარკში რეაბილიტაციის შედეგად განხორციელებული პროექტი.

როგორც თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა გამოკითხვაზე მისვლისას განაცხადა, შადრევანი ექსპერტიზის მიერ არაერთხელ შემოწმდა და მერიის სამსახურმა მრავალჯერ დატესტა. ის ამ დრომდე გამოკითხვაზე იმყოფება.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი. მისივე განცხადებით, თუ მას მომხდარში რაიმე დანაშაული მიუძღვის, მზად არის, კანონის წინაშე პასუხი აგოს.

ცნობისთვის, შადრევანი, რომელმაც 13 ოქტომბერს 13 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, დედაქალაქის მერიამ საზეიმოდ 12 ოქტომბერს გახსნა. ვაკის პარკის მცირე კასკადისა და შადრევნის რეაბილიტაციისთვის კი 6.5 მილიონი დაიხარჯა.

ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის გამო, პოლიტიკოსები დედაქალაქის მერის, კახა კალაძის პასუხიმგებლობის საკითხს აყენებენ. ასევე, გუშინდელი დღიდან კალაძის გადადგომას ითხოვენ მოქალაქეები.

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი იაშვილის კლინიკიდან დღეს, 14 ოქტომბერს, გაწერეს. კიდევ ერთი დაშავებული მოზარდი კი „ნიუ ჰოსპიტალსშია“ მოთავსებული. ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით კი, მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.