თბილისის მერია ადასტურებს, რომ ფეისბუქის ოფიციალური ანგარიშიდან და ვებგვერდიდან ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაციის დასრულების შესახებ გავრცელებული ინფორმაციას წაშალა.
„ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია გუშინდელი ფოტომასალის და ინფორმაციის აღება, რაც არის ერთგვარი პოზიცია ამ შემზარავი ფაქტის მიმართ. მთელი გულით ვუცხადებთ სამძიმარს გარდაცვლილის ოჯახს”, – განმარტეს მერიაში.
შადრევანი, რომელმაც დღეს 13 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, დედაქალაქის მერიამ საზეიმოდ გუშინ გახსნა. ასევე, საავადმყოფოში იმყოფება კიდევ ერთი მოზარდი. შიშის ნიადაგზე გამოწვეული სტრესის გამო კი, გარკვეული ტიპის დახმარება დასჭირდა კიდევ ერთ არასრულწლოვანს, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე უკვე მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შადრევანი, რომელმაც 13 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, ექსპერტიზის მიერ იყო შემოწმებული და მერიის სამსახურის მიერ არაერთხელ დატესტილი.
პოლიტიკოსები და მოქალაქეების ნაწილი, ვაკის პარკში დღეს დატრიალებული ტრაგედიის გამო, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გადადგომას ითხოვს.
ვაკის პარკის მცირე კასკადისა და შადრევნის რეაბილიტაციისთვის 6.5 მილიონი დაიხარჯა.