ლომჯარია: თავზარდამცემია, რომ იმ ადგილებში, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ბავშვების გართობას, არ არის დაცული მათი სიცოცხლე

268

წინა სტატია

შემდეგი სტატია

თავზარდამცემია, რომ იმ ადგილებში, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ბავშვების გართობას, არ არის დაცული მათი სიცოცხლე, – ასე გამოეხმაურა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დღეს მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს და ახლობლებს. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულ ბავშვებს, რომლებიც ამჟამადაც იღებენ სამედიცინო დახმარებას.

შემზარავი და თავზარდამცემია, რომ ქალაქში, განსაკუთრებით იმ ადგილებში, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ბავშვების გართობას და სრულფასოვან განვითარებას, არ არის დაცული მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება. წარმოუდგენელია, რომ ბავშვები მსგავსი ტრაგედიის მსხვერპლნი ხდებიან.

აუცილებელია, მოხდეს ამ ფაქტის დროული და ეფექტიანი გამოძიება და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, რომელსაც წვლილი მიუძღვის ამ უმძიმეს ტრაგედიაში. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ მძიმე დროს სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდეს მკაფიო განცხადებები, გაეცეს პასუხი საზოგადოებაში არსებულ კითხვებს და გაზიარებული იყოს პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით”- წერს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

https://www.facebook.com/nino.lomjaria.1/posts/pfbid023ZECSghtz1cPprcuykpKh3oN3aa599vG5fWAq8rT9hRr6oTKchqpLK6sWJMZtvPXl

შადრევანი, რომელმაც დღეს 13 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, დედაქალაქის მერიამ საზეიმოდ გუშინ გახსნა. ასევე, საავადმყოფოში იმყოფება კიდევ ერთი მოზარდი. შიშის ნიადაგზე გამოწვეული სტრესის გამო კი, გარკვეული ტიპის დახმარება დასჭირდა კიდევ ერთ არასრულწლოვანს, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე უკვე მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შადრევანი, რომელმაც 13 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, ექსპერტიზის მიერ იყო შემოწმებული და მერიის სამსახურის მიერ არაერთხელ დატესტილი.

პოლიტიკოსები და მოქალაქეების ნაწილი, ვაკის პარკში დღეს დატრიალებული ტრაგედიის გამო, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გადადგომას ითხოვს.

ვაკის პარკის მცირე კასკადისა და შადრევნის რეაბილიტაციისთვის 6.5 მილიონი დაიხარჯა.