განხორციელდა ახალი განათების სისტემის მონტაჟი, რომელიც ნამდვილ სანახაობას შესთავაზებს პარკის ვიზიტორებს – რა თქვა კალაძემ ვაკის პარკის განახლებულ შადრევნებზე გუშინდელ მთავრობის სხდომაზე

290

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ თბილისის მერიამ ვაკის პარკის რეაბილიტაციის შესახებ გამოქვეყნებული პოსტი Facebook გვერდიდან წაშალა, თუმცა, დედაქალაქის მერიის ფეისბუქის გვერდზე ამ დრომდე დევს მთავრობის გუშინდელ სხდომაზე კალაძის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დაასრულა სამუშაოები მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაციაზე. მან, ასევე, თქვა, რომ განხორციელდა ახალი განათების სისტემის მონტაჟი, რომელიც ნამდვილ სანახაობას შესთავაზებს პარკის ვიზიტორებს.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დაასრულა სამუშაოები მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაციაზე. ძალიან მაგარი გამოვიდა, ულამაზესია. როგორც იცით, ვაკის პარკში სრული რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი ჩარევებისა და ცვლილებების გარეშე ხორციელდება, იმიტომ, რომ ეს არის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სივრცე და მაქსიმალურად ვერიდებით რაღაც ისეთ უხეშ ჩარევებს, მაქსიმალურად ყველაფერი კეთდება, რომ პირვანდელი სახე შევინარჩუნოთ, აღვადგინოთ იქ არსებული ვითარება და მდგომარეობა. მაქსიმალურად აღდგა პარკის პირვანდელი იერსახე. უკვე დასრულდა მცირე კასკადის და მრგვალი შადრევნების რეაბილიტაცია. არსებული შადრევნების კასკადი წლების განმავლობაში ამორტიზირებული იყო და არ მუშაობდა, ჩვენ გადავწყვიტეთ კასკადის კონსტრუქციის სრულად განახლება იმავე მასალით და ვიზუალით, რაც არსებობდა. ამასთან, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა, დამონტაჟდა სრულიად ახალი ტექნოლოგია, რომელიც არის ავტომატიზირებული, ასევე, განხორციელდა ახალი განათების სისტემის მონტაჟი, რომელიც ნამდვილ სანახაობას შესთავაზებს პარკის ვიზიტორებს. რაც შეეხება სამუშაოების მესამე ეტაპს, ეს არის ცენტრალური კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დღესაც მიმდინარეობს და მომდევნო წლის გაზაფხულზე მთლიანად იქნება დასრულებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის მთავარი პარკი ისევ შექმნის სიყვარულის, მეგობრობისა და ქალაქური თანაცხოვრების საოცარ ისტორიებს”, – განაცხადა კალაძემ გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე.

შადრევანი, რომელმაც დღეს 13 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, დედაქალაქის მერიამ საზეიმოდ გუშინ გახსნა. ასევე, საავადმყოფოში იმყოფება კიდევ ერთი მოზარდი. შიშის ნიადაგზე გამოწვეული სტრესის გამო კი, გარკვეული ტიპის დახმარება დასჭირდა კიდევ ერთ არასრულწლოვანს, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე უკვე მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შადრევანი, რომელმაც 13 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, ექსპერტიზის მიერ იყო შემოწმებული და მერიის სამსახურის მიერ არაერთხელ დატესტილი.

პოლიტიკოსები და მოქალაქეების ნაწილი, ვაკის პარკში დღეს დატრიალებული ტრაგედიის გამო, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გადადგომას ითხოვს.

ვაკის პარკის მცირე კასკადისა და შადრევნის რეაბილიტაციისთვის 6.5 მილიონი დაიხარჯა.