თბილისის მერიამ ვაკის პარკის რეაბილიტაციის შესახებ გამოქვეყნებული პოსტი Facebook გვერდიდან წაშალა

297

წინა სტატია

შემდეგი სტატია

თბილისის მერიამ ვაკის პარკის რეაბილიტაციის შესახებ გამოქვეყნებული პოსტი Facebook გვერდიდან წაშალა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ვაკის პარკში შადრევნის თითქმის 13 მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერიის დაკვეთით კომპანია “გრინსერვის+” აწარმოებდა. კომპანიას 2022 წელს მხოლოდ თბილისის მერიისგან 5 მილიონზე მეტი ღირებულების ტენდერები აქვს მიღებული.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შადრევნების კასკადს, სადაც დღეს სამ მოზარდს დენმა დაარტყა და მათგან ერთი გარდაიცვალა, ბოლო ინსპექტირება 2022 წლის 29 აგვისტოს ჩაუტარდა.

ცნობისთვის შადრევანი, რომელმაც დღეს 13 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, დედაქალაქის მერიამ საზეიმოდ გუშინ გახსნა. ასევე, საავადმყოფოში იმყოფება კიდევ ერთი მოზარდი. შიშის ნიადაგზე გამოწვეული სტრესის გამო კი, გარკვეული ტიპის დახმარება დასჭირდა კიდევ ერთ არასრულწლოვანს, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ვაკის პარკის მცირე კასკადისა და შადრევნის რეაბილიტაციისთვის 6.5 მილიონი დაიხარჯა.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი.

პოლიტიკოსები და მოქალაქეების ნაწილი, ვაკის პარკში დღეს დატრიალებული ტრაგედიის გამო, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გადადგომას ითხოვს.