ავტორი: რუსა მაჩაიძე
საქართველოში, ოფიციალური ინფორმაციით, 150 ციხე-სიმაგრეზე მეტია შემორჩენილი, რომელთაგან უმეტესობა ნახევრადდანგრეული, ან თითქმის დანგრეულია და მხოლოდ მცირე ნაწილია სრული სახით, ძირითადად აღდგენილი. ცხადია, ციხეების და ისტორიული ადგილების მოყვარულთათვის ნანგრევებიც საინტერესოა, მაგრამ ითვლება, რომ ტურისტული თვალსაზრისით მომგებიანი ის ადგილებია, სადაც სათანადო ინფრასტრუქტურაა შექმნილი. ამ მხრივ კი ტურისტული პოტენციალი მაინცდამაინც არ არის გამოყენებული და თანაც, იმ ფონზე, როდესაც ისედაც მცირე შემოსავლების მქონე მუნიციპალიტეტებისთვის, შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის წყაროც კი გახდეს. ცხადია, ამ შემთხვევაში მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ ამ ციხეების და მსგავსი ნაგებობების დიდი უმრავლესობა მუნიციპალიტეტების საკუთრებას არ წარმოადგენს და შესაბამისად, მათ ამ ობიექტებზე არათუ არაფრის გაკეთება და გამოყენება არ შეუძლიათ, არამედ მოვლის და დასუფთავების გამოც კი პრობლემები შეექმნებათ. თუმცა, არის ისტორიული ძეგლების გამოყენების რამდენიმე კარგი მაგალითი, როდესაც მუნიციპალიტეტებმა დიდი ძალისხმევით შეძლეს, რომ მათ საკუთრებაში გადასულიყო და დღეს გაცილებით კარგადაც უვლიან და ეს ობიექტები მომგებიანიც გახდა. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია ახალციხის ციხე.
ციხესიმაგრეების მომგებიანად გამოყენების პოტენციალი, რაც ამ ძეგლების გადარჩენა-დაცვასაც უზრუნველყოფს, განსაკუთრებით მაღალია შიდა ქართლში, რადგან შემორჩენილი ციხე-სიმაგრეების მესამედი სწორედ ამ ტერიტორიაზეა. შესაბამისად, მუნიციპალუტეტებს ამ პოტენციალის გამოყენება შეუძლიათ. ამ მხრივ კი განსაკუთრებით საინტერესო გორის ციხეა, რომელიც უკვე მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და სათანადო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მუშაობაც დაწყებულია.
გორის ციხე
გორის ციხე ქალაქ გორში, სტრატეგიულ კლდოვან გორაკზე მდებარეობს, საიდანაც კარგად ჩანს შორიდან მომავალი გზები. გორის ციხეზე სხვადასხვა დროის სამშენებლო ფენა შეიმჩნევა, მაგრამ ძველი კვალი თითქმის სულ წაშლილია. ამჟამად გორის ციხისგან შემორჩენილია მხოლოდ ის ნაშთები, რომლებიც 1920 წლის მიწისძვრას გადაურჩა. 1946 წელს მეწყერმა ჩამოშალა ჩრდილოეთის ფერდობის ნაწილი, რომელმაც ახალ აღმოჩენას დაუდო საფუძველი. კერძოდ, აღმოჩნდა ანტიკური კედლის ნაშთი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი ათასწლეულის ბოლო საუკუნეებით არის დათარიღებული. აღმოჩნდა ალიზის კედელი, თხელკეციანი ქვევრები, წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარისებრი კრამიტი, შავპრიალა და წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები. ამავე ხანის სამარხები აღმოჩნდა ციხის აღმოსავლეთით. სამარხებში ნაპოვნია თიხის ჭურჭელი, მონეტები, მძივები, სამაჯურები და სხვა სამკაული. აღმოჩენილ არქეოლოგიურ ძეგლებს შორის საყურადღებოა აღმოსავლური იერის ქვის მრგვალი ქანდაკების თავი, რომელიც ანტიკური ხანისა უნდა იყოს.
ციხის კედლები კლდოვან გორაკს მიუყვება, რის გამოც მას უსწორმასწორო ფორმა აქვს. ციხე საკმაოდ არის წაგრძელებული აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძზე. მდინარე ლიახვი, რომელიც ახლა ციხიდან მოშორებით მიედინება, არსებული ინფორმაციით, ადრე გორაკის აღმოსავლეთი მხრის სიახლოვეს იყო, რაც კარგად გამოუყენებიათ ციხის მშენებლებს და სიმაგრის კედლები მდინარემდე ჩამოუყვანიათ.
ასე არის ნაჩვენები იტალიელი მისიონერის, ქრისტეფორე კასტელის მიერ 1633 წელს შესრულებულ ნახატზე, რომელიც გორის ციხის ვიზუალის ყველაზე ადრინდელი მასალაა, რააც დღეს არის შემორჩენილი და იძლევა წარმოდგენას, როგორი იყო ეს ციხე.
დღეს ციხის ნაშთებიდან უკეთაა შენახული დასავლეთით მდებარე ნაწილი, რომელსაც “ცხრაკარას” უწოდებენ. მისი კედლები სიგანით 12-13 მეტრია და ექვსი განივი კედლითაა გადაღობილი. ეს მხარე კარგად ყოფილა გამაგრებული. “ცხრაკარა” მდინარის ხეობამდე ჩადიოდა, ამიტომ მას, გარდა თავდაცვითი ფუნქციისა, საყოფაცხოვრებო ფუნქცია ენიჭებოდა. სწორედ ამ ადგილიდან მარაგდებოდა ციხე წყლით. აქ იყო საიდუმლო გვირაბი, რომელიც ხეობაში ჩადიოდა. ციხეს გააჩნდა ორი წყალსაცავი, ერთი ციტადელის შუა ნაწილში და მეორე – “ცხრაკარაში”.
ციხის შესასვლელი ადრეულ პერიოდში სად იყო, დღეს არ ჩანს. XVII-XVIII საუკუნეებში კი ჭიშკარი ციტადელის სამხრეთ ნაწილში ყოფილა. აქ მდგარი კოშკისაგან შემორჩენილია მხოლოდ კამაროვანი გასასვლელი.
ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდგარა მცირე ზომის ეკლესია, რომელიც 1920 წლის მიწისძვრის შედეგად დაინგრა.
დღეს გორის ციხე ასე გამოიყურება:
გორის ციხის საკუთრების საკითხი
საქართველოში თვითმმართველობის გაძლიერების საკითხი მუდმივ პრობლემას წარმოადგნს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ქვეყნის დემოკრატიზაციის ერთ-ერთი მთავარი პირობა. დღეს პოლიტიკურ მეცნიერებაში აღიარებულია, რომ რეალური დეცენტრალიზაციის გარეშე დასავლური დემოკრატიის პრონციპების დამყარება შეუძლებელია. საქართველოში დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის გაძლიერების დაპირებას ყველა პოლიტიკური ძალა იძლევა, ოღონდ ხელისუფლებაში მოსვლამდე, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, ამ დაპირებიდან, ფაქტობრივად, არაფერი კეთდება. უნდა ითქვას, რომ ყველაზე ქმედითი ნაბიჯები 2012 წელს ხელისუფლებაში მოსულმა “ქართულმა ოცნებამ” 2013-2014 წლებში გადადგა, როდესაც “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მიიღო. მაშინ, სხვა სიახლეებთან ერთად (მაგ. მუნიციპალიტეტების მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა), თვითმმართველი ქალაქების რაოდენობაც გაიზარდა – ეს სტატუსი დამატებით 7 ქალაქს მიანიჭა და ჯამში 12 გახდა, რაც ქალაქებში თვითმმართელობის სრულყოფილად განხორცილების საშუალებას იძლეოდა. თუმცა, ძალიან მალე – 2017 წელს ამ 7 ქალაქს სტატუსი ისევ “ქართულმა ოცნებამ” წაართვა. ამ შვიდ ქალაქს შორის იყო გორიც, რომელმაც ამ პერიოდში ვერ მოასწრო ის ობიექტები დაებრუნებინა, რომელიც დღეს ცენტრალური ხელისუფლების საკუთრებას წარმოადგენს და რეალურად მუნიციპალიტეტისთვის, შესაძლოა, მნიშვნელოვანი რესურსი გამხდარიყო.
ასეთია გორის ციხეც, რომელიც 2019 წლამდე ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, რაც მუნიციპალიტეტს, ერთი მხრივ, მისი მოვლა-პატრონობის შესაძლებლობას არ აძლევდა, მეორე მხრივ კი, ციხის ტურისტულ პოტენციალს ვერ იყენებდა. ადგილობრივ მოსახლეობას, გორში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილთან ერთად, საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ციხე მუნიციპალიტეტს გადასცემოდა.
მხოლოდ ბოლო წლების მცდელობებს რომ შევხედოთ, სურათი ასეთია: გორის ციხის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა გორის მოსახლეობამ 2017 წლის ივლისში პეტიციით მოითხოვა. თუმცა, ამ პეტიციას რეაგირება არ მოჰყოლია. 2018 წლის მარტში გორში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ახალი პეტიცია მოამზადა . 2019 წლის ივნისში კი, მრავალწლიანი ლოდინის, არაერთი მოთხოვნისა და პეტიციის შემდეგ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გორის ციხე ადგილობრივ თვითმმართველობას გადაეცა.
“ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს არის საკუთრებაში გადმოცემა და არა – მართვაში, რაც მუნიციპალიტეტისთვისაც არსებითია და თავად ციხისთვისაც, რადგან აქ სრულად მოხდება ადგილობრივი მოსახლეობის სურვილებისა და ინტერესების გათვალისწინება. საერთოდ, წლების განმავლობაში გორის ციხის საკუთრებაში გადმოცემის საკითხი იმდენად აქტუალური იყო, რომ ყველა პოლიტიკოსი ცდილობდა ამ საკითხის გამოყენებას. საბოლოოდ კი ხოჯევანიშვილმა, როდესაც სახელმწიფო რწმუნებული იყო, რეალურად მოახერხა ის, რომ ციხე გორს საკუთრებაში გადმოცემოდა”, – ამბობს droa.ge-თან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაციის – “გორის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელი, მიხეილ ჩიტაძე.
ციხის რეაბილიტაციის ისტორია და სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა
გორის ციხის რეაბილიტაციის საკითხი, როგორც droa.ge-თან საუბრისას მიხეილ ჩიტაძე ამბობს, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში რამდენჯერმე დადგა დღის წესრიგში, მაგრამ, სხვადასხვა მიზეზითა თუ საბაბით, ვერ მოხერხდა. 1990-იანი წლებიდან, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, გორის ციხის რეაბილიტაციის საკითხი კვლავ გააქტიურდა. ეს პროცესი 2007 წელს აქტიურად დაიწყო, მაგრამ, ჩიტაძის თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა შეუშალა ხელი. ბოლო პერიოდში მაინც მოხერხდა ის, რომ გაკეთდა ციხეზე ასასვლელი ბილიკები, განათება და მოეწყო მიმდებარე ტერიტორია.
აღსანიშნავია, რომ გორის მერიამ 2018 წელს დაიწყო გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. იმის გამო, რომ ამ დროს გორის ციხე მუნიციპალიტეტის საკუთრება არ იყო, ციხის ტერიტორიაზე ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებდა. გარეპერიმეტრი მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის გრანტის ფარგლებში მოაწყო. ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურში გორის მერიამ 1 800 000 ლარის ღირებულების გრანტი მოიპოვა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი, დამატებით 300 000 ლარი, თანადაფინანსების სახით გამოყო და ჯამში პროექტის ღირებულებამ 2 100 000 ლარს მიაღწია.
პროექტის ფარგლებში უნდა გაკეთებულიყო ველობილიკები, გორის ციხესთან მისასვლელი გზა (სადაც სამი საპირფარეშოც უნდა განთავსებულიყო), ტურისტული ობიექტები, ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში სახელოსნო, კაცებისა და ქალების ტრადიციული ეროვნული სამოსის სამკერვალო-მაღაზია, საპარკინგე ადგილი, ღვინის დეგუსტაციისა და გაყიდვის ადგილი; ტრადიციული ტკბილეულის – ჩურჩხელის, ჩირის, ჯემების ადგილზე მოსამზადებელი ფართი და ა.შ.
2018 წლის მაისში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გორის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპის შესასრულებლად ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც 350 ათასი ლარის ოდენობით დახარჯვა იგეგმებოდა. სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილი იყო კარიბჭის კოშკის რეაბილიტაცია, ალაყაფის კარის მონტაჟი, ქვათაცვენის საწინააღმდეგო დამცავი ბადეების მონტაჟი, ტერიტორიის ნაგვის და ნანგრევებისაგან გაწმენდა და სხვა სამუშაოები.
2018 წლის სექტემბერში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი და კულტურის სამინისტროს თანადგომით, ქალაქ გორის ისტორიულ ციხე-სიმაგრეზე კომპლექსური სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური კვლევა-ძიების პროცესი დაიწყო.
ამ დროს დაანონსდა, რომ პროექტის შედეგად ციხის კომპლექსისა და მიმდებარე ისტორიულ ზონაში არსებული არქეოლოგიური, ქალაქმშენებლობითი და არქიტექტურული ობიექტების ბაზაზე მომდევნო 4 წლის განმავლობაში სამუზეუმო-სანახაობითი, შემეცნებითი, სავაჭრო და აქტიური დასვენების სივრცეები შეიქმნებოდა. ასევე, ითქვა, რომ ციხის გალავნის შიგნით არსებულ ობიექტებთან ერთად, სამუზეუმო კომპლექსი ციხის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფერდობებზე გამოვლენილ კონსერვირებულ, ან ნაწილობრივ რესტავრირებულ არქეოლოგიურ ობიექტებსაც გააერთიანებდა. ციხის კოშკ-კარიბჭესთან, ხაროსთან, მარანთან, წმ.გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესიის ნაშთებთან, ცხრაკარიანის კასკადთან, შიდა ეკლესიასთან და მდ. ლიახვზე გამავალ გვირაბთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ერთიანი სივრცე როსტომ მეფის სასახლეს და ეკლესიას, ღვთისშობლის მცირე საყდარს, ანტიკური პერიოდის გალავნის კედლის ფრაგმენტებსა და ისტორიულ ზონაში არსებულ ხუროთმოძღვრულად საინტერესო რამოდენიმე საცხოვრებელ სახლსა და ნასახლარსაც მოიცავდა.
ამ გეგმაში ნათქვამი იყო, რომ სამომავლოდ ციხის ზედა ბაქანზე არსებული წყლის ძველი რეზერვუარის მიწისქვეშა ვრცელი ნაგებობა არქეოლოგიური და საბრძოლო ხელოვნების ისტორიის სამუზეუმო ექსპოზიციას დაეთმობოდა. ციხის ფერდობებზე 1920 წლის მიწისძვრის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლების შემორჩენილ კედლებზე კი სასტუმროები, სავაჭრო დახლები, დუქნები და ხალხური რეწვის სახელოსნოები ძველი განაშენიანების ხასიათითა და მასშტაბით განახლდებოდა.
პროექტის საწყისი ეტაპი ციხის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებული ქვედა გალავნის რეაბილიტაციას მოიცავდა, რაც მიწისა და მცენარეული საფარისგან ტერიტორიის სრულად გაწმენდასა და რიყისა და ფლეთილი ქვით ნაგები გალავნის სხვადასხვა სეგმენტების მოშლილი წყობის აღდგენა-კონსერვაციას გულისხმობდა.
“მორყეული, გამოქარული კედლის ფრაგმენტები სრულად გადაეწყობა ხოლო გალავნის კედლებისა და ბურჯების საძირკვლები საფუძვლიანად გამაგრდება. კომპლექსურად განხორციელდება ციხის არქეოლოგიური შესწავლაც. სამეცნიერო კვლევა-ძიებისას გამოვლენილი ობიექტები სათანადო წესით აიზომება და კონსერვირდება”, – ნათქვამი იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
2019 წლის თებერვალში ითქვა, რომ გორის ციხეზე საქართველოს ძეგლთა დაცვის სააგენტოს დაკვეთით მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტი ორ ეტაპს მოიცავდა. მეორე ეტაპის სამუშაოების დროს, გორის ციხის ქვედა გალავანზე შემდეგი სამუშაოები განხორციელდა: არაინვენტარული ხის ხარაჩოს მოწყობა; კედლების გაწმენდა მცენარეებისაგან და ნაყარი მიწისგან; კედლის კონსერვაცია კირ-დუღაბით; კედლის აღდგენა რიყის და ფლეთილი ქვებით კირის დუღაბზე: საკონსერვაციო ფენის დადება კედლის მთელ პერიმეტრზე; ხარაჩოს დაშლა. ჯამში რეაბილიტაციისთვის 450 000 ლარი დაიხარჯა.
სარეაბილიტაციო სამუშაობის დასრულების შემდეგ გორის ციხე 2019 წლის დასაწყისში ასე გამოიყურებოდა:
თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ციხის ტურისტული პოტენციალი ჯერ ისევ გამოუყენებელია.
ციხისთვის ტურისტული პოტენციალის შექმნაზე მუშაობა მუნიციპალიტეტის მფლობელობის ფარგლებში
როგორც ზემოთ ვახსენეთ, გორის ციხე მუნიციპალიტეტის მფლობელობაში 2019 წლის ივნისში გადავიდა. დღეს ის არის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ააიპ-ში შემავალი და ცალკე არანაირი დაფინანსება არა აქვს. გორის მუნიციპალიტეტის 2019-2021 წლების ბიუჯეტების მიხედვით, გორის ციხისთვის თანხა მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიის დაცვისთვის გამოიყოფოდა, წელიწადში 70 ათასამდე. 2022 წლის ბიუჯეტში კი დაზუსტებულია, რომ 65 ათასამდე გამოიყო კონკრეტულად „გორის ციხის ტერიტორიაზე განთავსებული დეკორატიული განათების სისტემის დაცვისთვის“.
სამაგიეროდ საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით დაიწყო მუშაობა ტურისტული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად.
2021 წლის მაისში გორის ციხის საექსპოზიციო კონცეფციისა და ინტერიერის დიზაინის შესაქმნელად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა.
2021 წლის ივლისში კი, ევროკავშირის პროექტის – “ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება გორში მდგრადი განვითარების” – ფარგლებში, გორის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. ამ პროექტის ფარგლებში გაკეთდა გორის ციხეზე ასასვლელ ბილიკზე სკამები, ნაგვის ურნები და განთავსდა სანათები (სწორედ ამ სანათების დაცვისთვის არის გამოყოფილი თანხა გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან).
როგორც droa.ge-თან საუბრისას მიხეილ ჩიტაძე ამბობს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს USAID-ის ზემოთ ნახსენებ პროექტს, რადგან დღეს უკვე გორის საზოგადოებასთან არის შეთანხმებული და ითვალისწინებს ადგილობრივების სურვილებსაც იმის პარალელურად, რომ მაქსიმალურად იქნება დაცული ტურიზმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტები.
“თავად USAID-ის დაინტერესება, რომ ეს პროექტი დაიწყო, მაშინდელი სახელმწიფო რწმუმებულის დამსახურებაა. მაგრამ ცუდი ის არის, რომ დასაწყისში საქმის კურსში არც მერი იყო და არც საკრებულო. არადა, ეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და, პირველ რიგში, მათ ეხებათ. მიუხედავად ამისა, მაინც კარგია, რომ გადაწყდა ეს საკითხი და, რაც მთავარია, ახლა მუნიციპალიტეტთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული. ამისთვის თავიდანვე შევთავაზე, შექმნილიყო გრძელვადიანი კომისია, რომელიც ქალაქის ამ ძირითადი ობიექტის განვითარებაზე იმუშავებდა. სახელმწიფო რწმუნებული დაგვთანხმდა და ბრძანებით შეიქმნა გორის ციხის განვითარების კომისია. შემდეგ მერიამაც შექმნა ჯგუფი და რეალურად გამოვიდა ისე, რომ სახელმწიფო რწმუნებულის მიერ შექმნილი ჯგუფი მერის კომპეტენციაში გადავიდა, რადგან ციხის მოსაკუთრე მერიაა და მის განვითარებას მერია უნდა განსაზღვრავდეს. ტენდერში კი გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია და მინდა, განსაკუთრებით გავუსვა ხაზი იმას, რომ ამ კომპანიის წარმომადგენლების შეხვედრები ადგილობრივ საზოგადოებასთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი. გამოჩნდა, რომ ინტერესები ემთხვეოდა და წარმოადგინეს ხედვის შემუშავებული ვარიანტი, რომელიც საბჭომ მოიწონა და საბჭოზე მათი ხედვიდან ყველაფერი აბსოლუტურად მისაღები იყო”, – ამბობს მიხეილ ჩიტაძე.
USAID-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია არის “ნიუ სითი დეველოპმენტი” (New City Development – NCD), რომელმაც ციხის ზედა პლატოს მოწყობის კონცეფცია შეიმუშავა და ეს მთლიანად გორის ციხეს არ ეხება.
როგორი იქნება რეაბილიტირებული გორის ციხის ტერიტორია – პროექტი
NCD-ის მიერ მომზადებული პროექტი რამდენიმე საკითხს მოიცავს, სადაც ცენტრალური ადგილი ძველი წყლის რეზერვუარის ადგილზე საექსპოზიციო სივრცისა და მედიათეკის მოწყობას უკავია. როგორც droa.ge-თან საუბრისას პროექტის ერთ-ერთი ავტორი, არქიტექტორი ლადო ვარდოსანიძე განმარტავს, ეს იყო დამკვეთის მთავარი მოთხოვნა, რომ გაუქმებული რეზერვუარის სივრცე ტურისტული მიზნებისთვის სათანადოდ ყოფილიყო გამოყენებული. თუმცა, პროექტი, რეზერვუარის გარდა, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითსაც ითვალისწინებს, რაც გორის ციხის ტურისტულ პოტენციალს უფრო მიმზიდველს გახდის.
ძველი რეზერვუარი
გორის ციხის ციტადელში არის ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აშენებული წყლის რეზერვუარი, რომელიც დიდი ხანია, აღარ გამოიყენება და მიწაშია ჩაფლული. ეს ტერიტორია საკმაოდ დიდი მოცულობისაა, დაახლოებით 120 კვ.მ. თავის დროზე გორის წყალმომარაგება ამ რეზერვუარით ხორციელდებოდა, შემდეგ სისტემა შეიცვალა და დღეს ეს რეზერვუარი გამოუყენებელია.
როგორც ლადო ვარდოსანიძე droa.ge-თან განმარტავს, გაჩნდა აზრი, რომ ეს ადგილი უფრო აქტიურად იქნას გამოყენებული, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტების მოსაზიდად. დამკვეთს კი თავდაპირველად ჩადებული ჰქონია კაფე-რესტორნის ტიპის დაწესებულების აშენება.
“ჩვენ ამ კაფეს დასახელებაც კი შევთავაზეთ – „ტონთიო“, გორის ძველი სახელწოდება, რაც საგანძურს ნიშნავს”, – ამბობს ის.
ცნობისთვის, XI საუკუნის ისტორიკოსის, ჯუანშერის თანახმად, VII საუკუნეში სტეფანოზ ერისმთავრის შვილმა არჩილმა მვმკვიდრეობით მიღებული განძის ნაწილი დამალა დღევანდელი გორის ტერიტორიაზე. ამ სამალავს ჯუანშერი “ტონთიოდ”, ანუ “ოქროს მთად” მოიხსენიებს.
თუმცა, მისივე თქმით, საზოგადოებრივ საბჭოსთან შეხვედრაზე გამოითქვა აზრი, რომ, კვების ობიექტის ნაცვლად, გაკეთდეს მედიათეკა მეორე დონეზე, ხოლო იმ სივრცეში, რაც მიწის ქვეშ არის, საექსპოზიციო სივრცე განთავსდეს.
“ეს არამც და არამც არ იქნება მუზეუმი. ეს იქნება საექსპოზიციო სივრცე, სადაც თანამედროვე მეთოდებით, ვირტუალური ხელოვნების მეთოდებით იქნება წარმოდგენილი რამდენიმე სექცია – გორის ციხის ისტორია და რაც მთავარია, თავად ქალაქ გორის ისტორიაც. საექსპოზიციო სივრცე 8 სექციად იქნება გაყოფილი, ქრონოლოგიის მიხედვით. ამ ექსპოზიციაში, რა თქმა უნდა, იქნება გორის ციხის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული არტეფაქტები. რაც მთავარია, იქნება ვირტუალური სცენები, სიუჟეტები გორის ციხესთან დაკავშირებით, საერთოდ, საქართველოში საფორთიფიკაციო ნაგებობთან დაკავშირებით, გორი, როგორც სავაჭრო გზების გადაკვეთის ადგილი, მტრის შემოსევები და ა.შ. უშუალოდ გორის ციხეს ბევრი ექსპონატი არა აქვს, მაგრამ რაც აქვს, აქ იქნება წარმოდგენილი”, – ამბობს ლადო ვარდოსანიძე და აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ არ მოხდება გორის ციხეზე გორის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დუბლირება არანაირი თვალსაზრისით.
რაც შეეხება მიწისზედა სივრცეს, მისი თქმით, „აიგება ზუსტად წყალსატევის თავზე და მისი კონტური ემთხვევა წყალსატევის კონტურს და არ გავდივართ გარეთ. მისი სიმაღლე კი გათვლილია გორის კრიტიკულ წერტილებზე. ანუ, გორში შეირჩა ხუთი წერტილი და გრაფოანალიზური მეთოდით განისაზღვრა სიმაღლე ისე, რომ ქალაქიდან პრაქტიკულად არ ჩანს. მიწის ზემოთ იქნება ერთსართულიანი პავილიონი“.
“დღეს არსებობს ორი მიდგომა ძეგლისადმი – კონსერვატიული, რაც გულისხმობს იმას, რომ გამოყენებული იყოს იგივე მასალა და ა.შ. იმის გამო, რომ აქ გვაქვს არა ძეგლის რეკონსტრუქცია, ან რესტავრაცია, არამედ ადაპტაცია, ეს დაშვებულია კანონმდებლობით და მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ უფრო წარმატებულია ისეთი გადაწყვეტები, რომელიც კონტრასტზეა აგებული და არა მიმსგავსებაზე. ასეთი დღეს უამრავია და ყველაზე გახმაურებული, ალბათ, მაინც ლუვრის პირამიდაა, რომელიც არქიტექტორმა პეიმ ააგო. ჩვენ შემთხვევაშიც იყო კამათი, რა მიდგომით გაგვეკეთებინა და საბოლოოდ შევძელით, დაგვერწმუნებინა, რომ კონტრასტის სტილი უფრო გამართლებულია. შესაბამისად, ეს პავილიონი აგებული იქნება თანამედროვე, მსუბუქი კონსტრუქციით, სადაც აქცენტი გასაშლელ მინებზე გაკეთდება”, – გვიხსნის ლადო ვარდოსანიძე.
მთლიანი ციტადელი
ამ პროექტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ის, რომ თითოეული ობიექტი ფუნქციურად იქნება ერთმანეთთან დაკავშირებული. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რეზერვუარის ქვედა ნაწილი გამოყენებული იქნება საექსპოზიციოდ. საინტერესო კი ის არის, რომ საექსპოზიციო ნაწილი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და ამ მიზნით გამოყენებული იქნება თვითონ გორის ციხის ციტადელის მთელი პერიმეტრი, საიდანაც ხედები იშლება.
როგორც ლადო ვარდოსანიძე გვიხსნის, ამ შემთხვევაშიც საექსპოზიციოდ ტექნიკური საშუალებები იქნება გამოყენებული. თავად ციტადელი კი იქნება ზონებად დაყოფილი, სადაც თითოეულ ზონას განსხვავებული ფუნქცია ექნება.
“გვაქვს ამ ციტადელის ზონირება გაკეთებული. არის საექსპოზიციო ზონა, ტურისტული ზონა, სადაც შესაძლებელია, რომ ვაჭრობის ელემენტებიც შევიდეს, მაგალითად, სუვენირები, ტკბილეული, ჩურჩხელები და ა.შ. ამისთვის გაკეთდება ლამაზი დიზაინის დასაკეცი დახლები. შუაში კი იქნება მასობრივი ღონისძიებების ზონა”, – ამბობს ის.
ციტადელზე დღეს დგას პოლიციის ჯიხური, რომელიც საკმაოდ შუხედავია და საერთოდ არ ჯდება ციხის ვიზუალში. ლადო ვარდოსანიძე ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში ამ ჯიხურის აღება და ციტადელზე კონტროლის განხორცილება ვიდეოთვალით არის დაგეგმილი.
“გორის ციხის სამხრეთის მხარეს, გორის ძირში არის ახლად აშენებული შენობა, რომელიც, ჯერჯერობით, უფუნქციოა და გვინდა, რომ სამეთვალყურეო ოთახი იქ განთავსდეს და მონიტორების მეშვეობით იქნება გაკონტროლებული”,- ამბობს ის.
წმინდა გიორგის ეკლესია
ციხის ციტადელზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთზე, შემორჩენილია ციხეში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ერთი კედელი, რომელიც ყოფილი წყლის რეზერვუარის გვერდით არის და სადაც მედიათეკა უნდა გაკეთდეს, როგორც ზემოთ ვახსენეთ.
არსებული ინფორმაციით, ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნაგებია თლილი ქვით და XI-XII საუკუნეებით თარიღდება (დარბაზული ტიპის საეკლესიო ნაგებობის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც ევროპაში XI საუკუნიდან გავრცელდა. ჩვეულებრივ შედგება საკურთხევლისა და ერთი ნავისაგან, რომელიც გადახურულია ორკალთიანი სახურავით და ზოგჯერ ეგვტერები და გარშემოსავლელიც აქვს. არის ისეთი დარბაზული ეკლესიებიც, რომლებსაც თანაბარი სიმაღლის ნაგები, ან რამდენიმე მაღალი უსარკმლო შუა ნავი აქვთ. აღორძინების ეპოქიდან მოყოლებული, ევროპაში დარბაზულ ეკლესიებს თითქმის აღარ აშენებენ. საქართველოში დარბაზული ეკლესია ერთადერთი ტიპია, რომელიც არსებობდა მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში). ეკლესია 1920 წლის მიწისძვრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანებულა. დღეს მთლიანად დანგრეულია კამარა და სამხრეთის კედელი. შემორჩენილია აღმოსავლეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლების ფრაგმებტები. ეკლესიას შესასვლელი ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში აქვს. კარი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან – თაღოვანი. შემორჩენილია ნახევარწრიული აფსიდის ჩრდილოეთ ნაწილი და მისი ნახევარწრიული ნიში. ეკლესიის გადახურვა ყოფილა ცილინდრული კამარით, რომლის საბჯენი თაღი ჩრდილოეთით გრძივი კედლების წყვილ პილასტრებს ეყრდნობოდა. ამავე კედელზე შემორჩენილია მაღალი დეკორატიული თაღის ფრაგმენტები.
როგორც ლადო ვარდოსანიძე გვეუბნება, გეგმაშია ამ ეკლესიის აღდგენა. თუმცა, ეს მათ პროექტში არ შედის და ჯერჯერობით, არ არის გადაწყვეტილი, როდის და როგორ დაიწყება აღდგენა.
“დიდი ხნის განმავლობაში ეს ციხე მაინც დამპყრობლების ხელში იყო და კარგი იქნება, რომ გაჟღერდეს მართლმადიდებლობის უწყვეტობის თემა”, – ამბობს ის.
კარიბჭე
დღეს ციხის შესასვლელს კარიბჭე არ აქვს, დარჩენილია მხოლოდ უკარო შესასვლელი. აღსანიშნავია, რომ ციხის მთავარი შესასვლელი ადრეულ პერიოდში სად იყო, არ ჩანს. XVII-XVIII საუკუნეებში კი ჭიშკარი ციტადელის სამხრეთ ნაწილში ყოფილა. აქ მგდარი კოშკისაგან შემორჩენილია მხოლოდ კამაროვანი გასასვლელი და დღეს ეს ითვლება ციხის შესასვლელად.
როგორც ლადო ვარდოსანიძე გვეუბნება: “ის, რომ ციხის შესასვლელს კარი არ აქვს, ციხის საერთოდ დისკრედიტაციას აკეთებს, რაღა ციხეა, თუ კარიბზე არა აქვს, ხო? ამიტომ აუცილებლად გვინდა, რომ აქ გაკეთდეს კარი, რომელიც განჯის კარის ანალოგი იქნება, რომელიც დღეს გელათის მონასტერშია”.
მისი თქმით, დღეს უცნობია, გორის ციხის კარიბჭე როგორი იყო, მაგრამ არჩევანი განჯის კარზე იმიტომ გაკეთდა, რომ ერთი მხრივ, ცნობილი და ძალიან ლამაზია და მეორე მხრივ, კარგად ჩანს კონსტრუქცია – აგებულია რკინის ფიფიტებით, რომელიც მოქლონებით არის გადაბმული.
პროექტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურა
პროექტის ავტორი განსაკუთრებულ აქცენტს დამხმარე ინფრასტრუქტურაზე აკეთებს, რადგან, როგორც ის აღნიშნავს, ტურისტების მოზიდვას და საერთოდ, ციხის სათანადო ფუნქციონირებას ხელს ინფრასტრუქტურა უნდა უწყობდეს. საუბარია ციტადელზე, „ცხრაკარასა“ და არქეოლოგიური ნაწილის გამოკლებით. ამ მხრივ კი პრიორიტეტულად წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის შექმნისა და ობიექტის შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომობას ასახელებს.
“პრინციპული ამბავია აქ წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის შექმნა. ეს ადვილი არ არის, მაგრამ აუცილებელია და ჩადებული გვაქვს პროექტში, რომ წყალი ავა და კანალიზაციის სისტემა მოეწყობა. ცხადია, კანალიზაციის სისტემის გაკეთება უფრო ძნელია, ვიდრე წყლის აყვანა, მაგრამ კასკადური საკანალიზაციო ჭების მოწყობით ეს ხერხდება. აქაც ორი ვერსია იყო – ჩრდილოეთის ან სამხრეთის და ავირჩიეთ ჩრდილოეთი, რადგან სამხრეთით გორის ციხის კედლებია”, – განმარტავს ლადო ვარდოსანიძე.
მეორე პრინციპული პოზიცია კი, როგორც ის ამბობს, მისი ჯგუფისთვის იყო ის, რომ ციხეში აუცილებლად უნდა მოხერხდეს შშმ პირების უპრობლემოდ აყვანა.
“ეს ვერ ხდება ჩვეულებრივი ბილიკებით. ახალი ბილიკებია მიყვანილი გორის ციხის კარიბჭემდე, მაგრამ ამ ბილიკებით შშმ პირების აყვანა შეუძლებელია, ასევე, შეუძლებელია ტექნიკური საშუალებებით. ვფიქრობთ, პერსპექტივაში გვინდა, რომ იქ ავიდეს ე.წ. ასაწევი ბაქანი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამას ვუწოდებთ, როგორც ხვალინდელ გადაწყვეტას, რადგან მაინც ხვალინდელი პერსპექტივაა. სამაგიეროდ, ზედა ციტადელში ტურისტული ბილიკები გათვლილია იმაზე, რომ დამოუკიდებლად იმოძრაოს შშმ პირმა თავისი გადაადგილების საშუალებებით, რომლითაც ჩვეულებრივად სარგებლობს”, – ამბობს ლადო ვარდოსანიძე.
“ცხრაკარა” და არქეოლოგიური ზონა
“ცხრაკარა” გორის ციხის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილია. ეს არის ციხის დასავლეთის კიდეზე ტერასებად დაშვებული გალავნები. აქ ჩამოდიოდა მდინარე, რომელმაც მერე კალაპოტი შეიცვალა. როგორც ისტორიკოსები და არქეოლოგები ამბობენ, „ცხრაკარას“ ქვემოთ გადის გვირაბი, რომელიც ახლა ჩახერგილია და რომლის მეშვეობითაც მეციხოვნეებს მტრის ალყის დროს წყალი აჰქონდათ. ცხადია, ტურისტებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი იქნება, მაგრამ ამ სარეაბილიტაციო პროექტში არ შედის, რადგან აქ სხვა ტიპის სამუშაოებია ჩასატარებელი.
ასეთივეა კიდევ ერთი ნაწილი, სადაც დღეს არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს და დასრულების შემდეგ საექსპოზიციოდ მომზადება დასჭირდება.
ციხის მართვა
ეს არის პროექტის ხედვა, რომლის განხორციელებას, ცხადია, დრო და თანხები სჭირდება. თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, როდის დაიწყება განხორციელება, რა დრო დასჭირდება და სათანადო თანხა სად იქნება მოძიებული.
ამასთანავე, ლადო ვადოსანიძე ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ციხის შემდგომი მართვა. “თუ ესტაფეტა არ მიიღო გონიერმა და კვალიფიციურმა მართვამ, აქ მაღალტექნოლოგიებზეა აგებული ყველაფერი, ჩათვალეთ, რომ არაფერი გამოვა. ამას სჭირდება კვალიფიციური ხალხი, ტრენინგები, მუდმივი გადამზადება და ის, რომ არ გაწყდეს კავშირი დაპროექტებასა და მართვას შორის, მნიშვნელოვანია. თუმცა, ეს ჩვენი საქმე აღარაა”, – ამბობს ის.
მიხეილ ჩიტაძის თქმით კი, მართვის საკითხი ციხის სტატუსთან არის დაკავშირებული. როგორც ზემოთ ვახსენეთ, გორის ციხეს დღეს დამოუკიდებელი დირექტორი, მმართველი ან მოსამსახურე პერსონალი არ ჰყავს და ის გორის მუნიციპალიტეტის ააიპ-ში შედის. სწორედ ამიტომ, მიშა ჩიტაძე ამბობს, რომ ახლა უკვე პირველ რიგში გორის ციხის სტატუსის განსაზღვრა დგება, რადგან შემდგომი პროცესები ამ საკითხზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული.