გორში, “ლომჭაბუკის” მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია-განახლებისთვის გორის მერია არქიტექტორებსა და სპეციალისტებს, პროექტის შესამუშავებლად 80 დღე მისცა. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.
ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურში გორის მერიამ 1 მილიონ 800 ათასი ლარის ღირებულების გრანტი მოიპოვა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი, დამატებით 300 000 ლარი, თანადაფინანსების სახით, გამოიყოფა. ჯამში პროექტის ღირებულება 2 მილიონ 100 ათას ლარს აღწევს.
პროექტის ფარგლებში უნდა გაკეთდეს ველობილიკები, გორის ციხესთან მისასვლელი გზა (სადაც სამი საპირფარეშოც უნდა განთავსდეს), ტურისტული ობიექტები, ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში სახელოსნო,ამაკაცებისა და ქალების ტრადიციული ეროვნული სამოსის სამკერვალო – მაღაზია, საპარკინგე ადგილი, ღვინის დეგუსტაციის და გაყიდვის ადგილი; ტრადიციული ტკბილეულის – ჩურჩხელა, ჩირი, ჯემები – ადგილზე მოსამზადებელი ფართი და ა.შ.