გორელები გორის ციხის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემას ითხოვენ

1880

გორის მოსახლეობა გორის ციხის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემას ითხოვს. ამ მოთხოვნით მათ ქალაქ გორის მერიას ელექტრონული პეტიციით მიმართეს. დღეის მდგომარეობით, გორის ციხე საქართველოს კულტურის სამინისტროს ბალანსზეა, რაც მუნიციპალიტეტს, ერთი მხრივ, მისი მოვლა-პატრონობის შესაძლებლობას არ აძლევს, მეორე მხრივ კი, ციხის ტურისტულ პოტენციალს ვერ იყენებს.

პეტიციის ინიციატორები ადგილობრივი ხელისუფლებისგან პეტიციის განხილვასა და ძეგლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემისთვის შესაბამისი პროცედურების დაწყებას ითხოვენ.

“გორის საზოგადოების დიდი ნაწილი შეწუხებულია გორის ციხის მდგომარეობით. ფაქტიურად, არ ხდება ძეგლის დასუფთავება და შეკეთება. ქალაქი ვერ იყენებს იმ დიდ ტურისტულ პოტენციალს, რომელიც ციხის გონივრულ გამოყენებას შეიძლება მოყვეს.

გორის ციხე ამჟამად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კუთვნილებაში იმყოფება. შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობისთვის ზღუდავს ძეგლის მოვლა-პატრონობის უფლებასა და შესაძლებლობას, ასევე, ძეგლის ქალაქის განვითარების მიზნით გამოყენებას. ასეთი მდგომარეობა ცუდად აისახება როგორც ძეგლის მდგომარეობაზე, ასევე, ხელს უშლის ქალაქის ცენტრალური ნაწილის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. მერიას უფლება არ აქვს, თუნდაც დაასუფთავოს ძეგლის ტერიტორია, რადგან ამ მიზნით დახარჯული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად განხილული იქნება, როგორც არამიზნობრივი ხარჯები.

ვთვლით, რომ ძეგლი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში უნდა იმყოფებოდეს. ვაცნობიერებთ, რომ გორის ციხე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი და სიმბოლოა მთლიანად საქართველოსთვის და აუცილებლად უნდა არსებობდეს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან კონტროლი, რაც ჩვენი აზრით საკმარისად რეგულირდება საქართველოს კანონით “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” (მუხლი 28. ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) უფლება-მოვალეობანი),  მესაკუთრის ვინაობის მიუხედავად.

გთხოვთ, განიხილოთ წარმოდგენილი საკითხი და დაიწყოთ შესაბამისი პროცედურები ძეგლის ქალაქ გორისთვის გადმოცემისთვის”, – ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციის ავტორები არიან: “გორის საინფორმაციო ცენტრი”, “გორი დაუნთაუნი”, “გორის ახალგაზრდული მოძრაობა დროა”, “გორელ ფოტოგრაფთა კლუბი” და “მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი”.