გორის ციხის გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემის მინით, არასამთავრობო სექტორი პეტიციას ამზადებს. ავტორები პეტიციას ახალ პლატფორმაზე – ichange.gov.ge – განათავსებენ, სადაც მოთხოვნის მხარდაჭერა ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.
გორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პეტიციას ამზადებს, რომლითაც ისინი ხელისუფლებას სთხოვენ, რომ გორის ციხე საკუთრებაში გორის მუნიციპალიტეტს გადაეცეს.
პეტიციის მომზადების პროცესს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გორის ოფისი აორგანიზებს. სამუშაო პროცესში ჩართულია რამდენიმე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. მათმა წარმომადგენლებმა პეტიციის ტექსტი უკვე შეიმუშავეს.
„გორის საზოგადოების დიდი ნაწილი შეწუხებულია გორის ციხის მდგომარეობით. ფაქტიურად, არ ხდება ძეგლის დასუფთავება და შეკეთება. ქალაქი ვერ იყენებს იმ დიდ ტურისტულ პოტენციალს, რომელიც ციხის გონივრულ გამოყენებას შეიძლება მოყვეს“, – ნათქვამია ტექსტში.
პეტიციის ავტორები განმარტავენ, რომ ამჟამად გორის ციხე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობისთვის შეზღუდულია ძეგლის მოვლა-პატრონობის უფლება და შესაძლებლობა.
„ასეთი მდგომარეობა ცუდად აისახება როგორც ძეგლის მდგომარეობაზე, ასევე ხელს უშლის ქალაქის ცენტრალური ნაწილის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. მერიას უფლება არ აქვს, თუნდაც დაასუფთავოს ძეგლის ტერიტორია, რადგან ამ მიზნით დახარჯული სახსრები, კანონმდებლობის შესაბამისად, განხილული იქნება, როგორც არამიზნობრივი ზარჯები“, – ვკითხულობთ ტექსტში.
პეტიციაზე მომუშავე ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში უნდა იმყოფებოდეს.
„ვაცნობიერებთ, რომ გორის ციხე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი და სიმბოლოა მთლიანად საქართველოსთვის და აუცილებლად უნდა არსებობდეს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან კონტროლი, რაც ჩვენი აზრით, საკმარისად რეგულირდება საქართველოს კანონით კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, მესაკუთრის ვინაობის მიუხედავად“, – განმარტავენ ავტორები.
ტექსტში საუბარია კანონის იმ ნაწილზე, რომელიც ძეგლის მესაკუთრის თუ კანონიერი მოსარგებლის უფლება-მვალეობებს განსაზღვრავს.