ავტორი: რუსა მაჩაიძე
თბილისიდან ახალციხისკენ მიმავალ გზაზე ავტობანიდანაც ჩანს დანგრეული ძველი ციხეები, რომლებიც ბოლომდე როდის ჩამოიშლება, არავინ იცის. მათი ნახვის შემდეგ კი განსაკუთრებულად შთამბეჭდავი ჩანს ახალციხის ციხე, რომელიც კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება საკუთრებას უპატრონო და რაც მთავარია, სარგებლიანად გამოიყენო. ახალციხის ციხე, საქართველოში არსებული ბევრი ისტორიული ციხისგან განსხვავებით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და, მიუხედავად არაერთი პრობლემისა, კარგად ჩანს შედეგიც. რაც მთავარია, მუნიციპალიტეტი და ციხე ერთობლივად ამ პრობლემების გამკლავებსაც ახერხებენ და, რომ არა პანდემია, ციხე მუნიციპალიტეტისთვის გაცილებით მეტი სარგებლის მომტანი გახდებოდა, როგორც ფინანსური რესურსით, ისე არაპირდაპირი შედეგებით.
ახალციხის (რაბათის) ციხე
ახალციხის ციხე, რომელსაც დღეს “რაბათის ციხეს” ვეძახით, ძველი სამცხის მთავარი ქალაქისა და სამცხის ათაბაგთა რეზიდენციის, რეგიონის დღევანდელი ცენტრის – ქალაქ ახალციხის ისტორიულ უბან “რაბათში” მდებარეობს. ციხის გიდი, ისტორიკოსი გიორგი ბერიძე ყოველ ტურს იმის თქმით იწყებს, რომ ე.წ. “რაბათის ციხე” ახალციხის ციხეა, “რაბათი” უბნის დასახელებაა, სადაც ეს ციხე მდებარეობს და მისი “რაბათის ციხედ” მოხსენიება არასწორი და ისტორიის დამახინჯებაა. “1978 წლის გაზეთში წერია “ახალციხის ციხეზე განთავსებულია ისტორიული მუზეუმი”. ანუ, ამ დროს ოფიციალურად ისევ “ახალციხის ციხე” ერქვა, ასე ვეძახდით და ასე ვეძახით, ყველა ახალციხელი გეტყვით, რომ ეს “ახალციხის” ციხეა და “რაბათი” უბნის სახელია”, – ამბობს ის.
ისტორიკოსთა განმარტებით, ახალციხის ამ უბნის დასახელება “რაბათი” დაახლოებით IX საუკუნიდან უნდა გაჩენილიყო, როდესაც ახალციხე ქალაქის ტიპის დასახლებად იქცა და ამ უბანში ებრაელები დასახლდნენ, მათი ძირითადი საქმიანობა კი ხელოსნობა და ვაჭრობა იყო. შესაბამისად, ამ ტერიტორიასაც უკვე “რაბათად” მოიხსენიებდნენ. სიტყვა “რაბათი” ებრაული სიტყვაა და ქართულად ციხე-ქალაქში არსებულ სავაჭრო ცენტრს ნიშნავს (საინტერესოა, რომ მაროკოს დედაქალაქის რაბატის დასახელებაც ვაჭრობას უკავშირდება, რომელიც XII საუკუნეში არის დაარსებული.
საინტერესოა ქალაქის დასახელების ისტორიაც. “მატიანე ქართლისაის” ცნობით, ახალციხე IX საუკუნეში გვარამ მამფალს აუშენებია. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით კი, ქალაქს “ლომსია” უნდა რქმეოდა. ახალციხე, XIII–XIV საუკუნეებიდან მოყოლებული, სამცხის მთავართა (ჯაყელთა) რეზიდენცია და მთელი სამცხე-საათაბაგოს დედაქალაქი იყო. ახალციხის დაწინაურება იმ პეროდში დაიწყო, როცა საქართველოს ერთიანი სახელმწიფო უკვე რღვევას იწყებდა, მისი მეზობელი სახელმწიფოები კი ძლიერდებოდნენ. ეს კი, უმთავრესად, მისმა მდებარეობამ განაპირობა, რადგან ამ პერიოდიდან აქტიური სავაჭრო გზების კვანძი გახდა. ამ დროის პრაქტიკული საჭიროებიდან და ტრადიციიდან გამომდინარე, საჭირო იყო ციხეც, რომელიც ქალაქს დაიცავდა.
ახალციხის ციხე-კომპლექსი შუა საუკუნეების სხვადასხვა პერიოდის ნაგებობისგან შედგება. ისტორიკოსების ინფორმაციით, ახალციხის ციხე საუკუნეების განმავლობაში რეგიონის უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი ნაგებობა იყო. ციხე-სიმაგრეს შემოვლებული ჰქონდა სამი გალავანი და შემოგარენს მიწისქვეშა გვირაბით უკავშირდებოდნენ.
დღეს ციხე ორი ნაწილისგან შედგება. ზედა ნაწილში, ძირითადად, ისტორიული ნაგებობებია განთავსებული – სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი, რომელიც ჯაყელების საგვარეულო სასახლეშია; ასევე, მეჩეთი, მედრესე, მე-9 საუკუნის მართლმადიდებლური ტაძარი, სინაგოგა, კათოლიკური ეკლესია, ფაშას მოსასვენებელი, ციტადელი, დილეგები და ამფითეატრი. ქვედა ციხე კი, უმეტესად, მომსახურების ობიექტებს უკავია – სასტუმროს, რესტორანს, ორ კაფე-ბარს, ქორწინების სახლს, ღვინის მარანს და მაღაზიებს. აქვეა საინფორმაციო ცენტრი ტურისტებისთვის და ადმინისტრაციის შენობა.
რეაბილიტაციის ისტორია – ბევრჯერ დაანონსებული და საბოლოოდ დავიწყებული რეაბილიტაციის მეორე ეტაპი
ახალციხის ციხის რეაბილიტაცია 2011 წელს დაიწყო და პირველი ეტაპი 2012 წლის აგვისტოში დასრულდა. მალევე უნდა დაწყებულიყო რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რომელიც რამდენჯერმე, სხვადასხვა მიზეზით გადაიდო და დღემდე არ განახლებულა.
2011-2012 წლებში მიმდინარე რესტავრაციის შედეგად, ციხე-კომპლექსის ტერიტორიაზე განახლდა გალავანი, ციტადელი, IX-X საუკუნეების მართლმადიდებლური ტაძარი, ჰაჯი ახმედ-ფაშა ჯაყელის სახელობის მეჩეთი, მედრესე, მინარეთი და ჯაყელების სასახლე, სადაც განთავსდა სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზი. ამისთვის კი დაახლოებით 30 მილიონ ლარამდე დაიხარჯა (პირველ ეტაპზე 26 მილიონი იყო გამოყოფილი, რომელსაც პერიოდულად ემატებოდა თანხები).
მეორე ეტაპისთვის დაგეგმილი იყო ე.წ. ებრაელების უბნის და სასაფლაოს ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია. უნდა მომხდარიყო ახალციხის ციხის ზედა კარიბჭის მიმდებარე ტერიტორიისა და აკვედუკის მსგავსი ნაგებობის მოპირკეთება, ავტომობილების სადგომის მოწყობა, ძველი აბანოებისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება. უნდა მოწყობილიყო ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია და თამარაშვილის ქუჩის ნაწილი, რადგან მთელ უბანს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული და აქ მცხოვრები ადამიანები სახლების შეკეთებას ვერ ახერხებენ, რაც მათ საყოფაცხოვრებო პრობლემებს უქმნის.
როგორც ზემოთ ვახსენეთ, ახალციხის ციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი 2012 წლის შემოდგომაზე უნდა დაწყებულიყო. მაშინ ხელისუფლებაში მოსულმა “ქართულმა ოცნებამ” რეაბილიტაციის გაგრძელება რამდენჯერმე დააანონსა, მაგრამ არცერთხელ არ შესრულდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოლოს ამ საკითხზე 2016 წლის პარლამენტის არჩევნების წინ “ქართული ოცნების” კანდიდატმა ისაუბრა. გიორგი კოპაძემ მაჟორიტარობის კანდიდატებთან დებატებისას განაცხადა, რომ პროექტი “ტოლერანტობის გზა” მზად იყო და 2017 წელს განხორციელდებოდა. თუმცა, მაშინ მალევე გაირკვა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდში მსგავსი პროექტი არ არსებობდა და არც რაბათის უბნის რეაბილიტაცია ჰქონდათ დაგეგმილი. რაბათის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი ცენტრალური ხელისუფლების პრიორიტეტებში რომ ვერ მოხვდა, ამას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოშიც ადასტურებდნენ. ამის შემდეგ კი გიორგი კოპაძეს განმარტების გაკეთებაც მოუწია, რომ რაბათის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი არ არსებობდა და პროექტი “ტოლერანტობის გზა” მისი და პარტიის იდეა იყო. ეს იდეაც მას შემდეგ აღარავის გახსენებია.
ამ ყველაფერს კი წინ პოლიტიკური მოტივებით დაპირისპირება უძღოდა ყოფილ და ახალ ხელისუფლებას შორის. ჯერ კიდევ პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციამ მიიღო საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების წერილი, სადაც ეწერა, რომ ქართული მხარე, თურქი ექსპერტების მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ოსმალური მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რესტავრაციის დაწყებას გეგმავდა. ხელახალი რესტავრაციის მიზეზად კი, ექსპერტებზე დაყრდნობით, ის ხარვეზები დასახელდა, რომლებიც რაბათის კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესში, 2011-2012 წლებში დაშვებული შეცდომების შედეგად გამოვლინდა.
ეს წერილი ჯერ “ნაციონალურმა მოძრაობამ” გამოიყენა, მათ ახალი ხელისუფლება სიცრუეში დაადანაშაულეს და თქვეს, რომ თურქული მხარე ძეგლის რეაბილიტაციის პროცესში ჩართული იყო. ენმ-მ ახალციხეში აქციებიც გამართა. შემდეგ “ქართული ოცნების” მხრიდან კეთდებოდა ყოფილი ხელისუფლების ფულის ფლანგვაში დადანაშაულების განცხადებები. საბილოოდ კი ეს წერილიც დაივიწყეს.
ციხე-კომპლექსი დღეს და ახალციხის მუნიციპალიტეტი
ახალციხის ციხე-კომპლექსი დღეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და მას მუნიციპალური ა(ა)იპ “ახალციხის ციხე” მართავს. შესაბამისად, როგორც droa.ge-თან ა(ა)იპ-ის დირექტორი, გიორგი ნათენაძე ამბობს, “ახალციხის ციხის ფუნქციონირება დამოკიდებულია ვიზიტორებზე. ციხის ძირითადი შემოსავალია გაყიდული ბილეთები და სივრცის დროებითი გაქირავებიდან შემოსული შემოსავლები. ციხის შემოსავლები ძირითადად ხმარდება ციხის მოვლა-პატრონობას, მარკეტინგულ ღონისძიებებს, დაგეგმილ პროექტებს”.
მისივე განმარტებით, ციხის ადმინისტრაცია დამოუკიდებლად განაგებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ციხის მოვლა-პატრონობა, დასუფთავება, გამწვანება, მარკეტინგული ღონისძიებები, ვიზიტორთა ბილეთების ფასების ცვლა, ტურისტულ კომპანიებთან ხელშეკრულებების დადება, მცირე კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოები, სივრცის დროებით, ერთჯერადად გაქირავების პირობები, სამუშაო საათების განსაზღვრა, ციხის ტერიტორიაზე იჯარით გაცემული ობიექტების ზედამხედველობა, სხვადასხვა ღონისძიების მოწყობა.
“ახალციხის ციხის ადმინისტრაცია ძირითად ადმინისტრაციულ საკითხებს დამოუკიდებლად უძღვება. მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ცვლილებები თანხმდება ახალციხის მუნიციპალიტეტთან. ციხე ჯერ კიდევ დამოკიდებულია მუნიციპალიტეტის სუბსიდიაზე, შესაბამისად, ხდება წლის ბიუჯეტის შეთანხმება ეფექტური შედეგისთვის”, – ამბობს გიორგი ნათენაძე.
ახალციხის ციხის შემოსავლები წლების მიხედვით ასეთი იყო:
როგორც ხედავთ, ახალციხის ციხის შემოსავლები პანდემიამდე მზარდი იყო. შესაბამისად, 2017 წლიდან მუნიციპალური ბიუჯეტიდან ა(ა)იპ-ისთვის გამოყოფილი სუბსიდიაც განახევრდა და 100 ათასით განისაზღვრა. 2019 წლის ბოლოს კი გადაწყდა, რომ მერია “ახალციხის ციხეს” 2020 წლიდან აღარ დააფინანსებდა, ვინაიდან ა(ა)იპ-ის უკვე საკუთარი შემოსავლებით შეეძლო საკუთარი საჭიროებების დაფინანსება. თუმცა, ის პანდემიის გამო ყველაზე მეტად სწორედ 2020 წელს დაზარალდა – ამ წელს ციხეს მხოლოდ 35 988 ვიზიტორი ესტუმრა, იჯარას ვეღარ იხდიდნენ ციხის ტერიტორიაზე განთავსებული იბიექტებიც. ამიტომაც, შემოსავალი, რომელიც 2019-ში თითქმის მილიონზე იყო ასული, 61 ათას ლარზე ჩამოვიდა და ორგანიზაციას თანამშრომელთა ხელფასების გასტუმრებაც კი აღარ შეეძლო. ამის გამო კი, ა(ა)იპ-ს, არათუ მერიიდან სუბსიდირება აღარ დასჭირდა, არამედ ეს თანხა გაორმაგდა კიდეც და 243 ათასი ლარი შეადგინა. 2021 წელს რაბათის ციხე მუნიციპალიტეტიდან კიდევ უფრო მეტად გახდა დასახმარებელი – მან სუბსიდიის სახით ნახევარ მილიონზე მეტი მიიღო. 2022 წელს კი ახალციხის ციხე მუნიციპალიტეტიდან სუბსიდიის სახით 442 000 ლარს მიიღებს.
მიუხედავად იმისა, რომ ა(ა)იპ-ს საკმაოდ კარგი შემოსავალი აქვს, თუ არ ჩავთვლით პანდემიის პერიოდს, რა დროსაც შემოსავალი მნიშვნელოვნად შეუმცირდათ, როგორც ციხის დირექტორი ჩვენთან საუბრისას ამბობს, ჯერჯერობით, მოგებაზე მაინც ვერ გადიან და მუნიციპალიტეტს უწევს სუბსიდირება. თუმცა, იმედი აქვთ, რომ ძველ ნიშნულს მალე დაუბრუნდებიან.
2022 წლის ბოლომდე ვაპირებთ მოგებაზე გასვლას, თუ სხვადასხვა პოლიტიკურმა თუ პანდემიურმა ვითარებამ არ შეგვიშალა ხელი. ვიმედოვნებთ, რომ 2023 წლიდან სუბსიდირება აღარ დაგვჭირდება, – ამბობს გიორგი ნათენაძე.
მიმდინარე წლის მაისიდან უცხოელებისთვის ციხეში ვიზიტის საფასურიც გაიზარდა, რაც, ცხადია, გარკვეულწილად გაზრდის ციხის შემოსავალს. კონკრეტულად, ციხეში ბილეთის ფასი უცხოელი ვიზიტორებისთვის 18 ლარი (დაახლოებით 6 აშშ დოლარი) გახდა, რაც მუზეუმების საერთაშორისო ფასებთან შედარებით, მაინც გაცილებით იაფია.
საქართველოს მოქალაქეებისა და ბინადრობის მქონე პირებისთვის კი ბილეთის ფასი ისევ 7 ლარია. შეღავათები ვრცელდება სტუდენტებსა და მოსწავლეებზე და მათ შორის, ამავე კატეგორიის უცხოელებზე. სქართველოს მოქალაქე და ბინადრობის მქონე სტუდენტებისთვის ბილეთის ფასი 3 ლარია, მოსწავლეებისთვის – 2 ლარი; უცხოელი სტუდენტებისთვის – 15 ლარი (დაახლოებით 5 აშშ დოლარი) და უცხოელი მოსწავლეებისთვის – 12 ლარი (დაახლოებით 4 აშშ დოლარი). შეღავათები ვრცელდება საქართველოს მოქალაქე და ბინადრობის მქონე პენსიონრებზეც და მათთვის ბილეთის ფასი 3 ლარია. ამასთან, ისტორიული კომპლექსის უფასოდ დათვალიერებას შეძლებენ შემდეგი კატეგორიის ადამიანები: ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) წევრები; 6 წლამდე ასაკის ბავშვები; სოციალურად დაუცველი პირები; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები; იძულებით გადაადგილებული პირები; ომის ვეტერანები.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ააიპ “ახალციხის ციხე” ყველა სახის კომუნალურ გადასახადს, დასუფთავებას, მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თავად ფარავს. ციხის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების იჯარით გაცემით მიღებული შემოსავალი მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ირიცხება.
კომერციული ობიექტები
ციხის ტერიტორიაზე შვიდი კომერციული ობიექტია, რომელიც წლების განამვლობაში ქირავდებოდა და იჯარიდან მიღებული შემოსავალი მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ირიცხება (იჯარის შემოსავლები წლების მიხედვით ზემოთ მოტანილ ცხრილშია ნაჩვენები). პანდემიის გამო, ამ ობიექტებსაც გადახდის პრობლემა შეექმნათ და ციხის ადმინისტრაციას სასამართლოსთვის მიმართვა მოუწია, რადგან გაქრავებული 7 ობიექტიდან სამმა 2019–2020 წლების ქირის გადასახადი ვერ გადაიხადა. ქირის დაფარვის პრობლემები ჰქონდა დარჩენილი ოთხიდან სამსაც და მათ შორის იყო “ახალციხის ციხის” ამჟამინდელი დირექტორის, გიორგი ნათენაძის ობიექტი – რესტორანი “ტაბლა რაბათიც”, რომლებმაც დავალიანების დაფარვა სასამართლომდე მოახერხეს.
2022 წლიდან კი, საკრებულოს გადაწყვეტილებით, ააიპ “ახალციხის ციხეზე” არსებული კომერციული ობიექტების გაქირავების წესი შეიცვალა – თუ მანამდე ობიექტების იჯარით გაცემა ხდებოდა და ციხის ადმინისტრაცია თავად დებდა კერძო პირებთან პირდაპირი შესყიდვით ხელშეკრულებას, ახლა კონკრეტული ტერიტორიები ელექტრონული აუქციონის წესით გაიცემა.
შვიდი ობიექტიდან მხოლოდ ერთს – სუვენირების მაღაზიას 1 წლით იგივე პირობებით გაუგრძელდა ხელშეკრულება, რადგან მხოლოდ მას არ ჰქონდა ხელშეკრულება დარღვეული. დანარჩენი 6 ობიექტი კი აუქციონზე გავიდა და აქედან ოთხი 5-წლიანი იჯარით მაისის ბოლოს გაიცა.
ახალციხის მუნიციპალიტეტს ციხის 6 კომერციული ობიექტი ჰქონდა აუქციონზე გატანილი, მაგრამ ორი ობიექტით არავინ დაინტერესებულა (ეს ობიექტებია ხარისჭირაშვილის ქ. N48 და N49 შენობები, რომლის საწყისი ფასი აუქციონზე 22 500 ლარი იყო და N54 შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია, რომლის ფასი 9 792 ლარი იყო).
რაც შეეხება დანარჩენ ოთხს, აუქციონის შედეგების მიხედვით, ყველაზე ძვირად – 102 003,6 ლარად ხარისჭირაშვილის ქ. N1-ში მდებარე N56 და N57 შენობა და მიმდებარე ტერიტორია გაიცა. 6 242,4 ლარად გაიცა სარგებლობის უფლება იმავე მისამართზე მდებარე N52 შენობაზე და N54 შენობის გადახურვაზე, ასევე შემინული ნაგებობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე. 2 264,4-2 264,4 ლარად კი სარგბელობის უფლება გაიცა N59 შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე და N60 შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე.
ამ ციხეზე საუბრისას, მიხედავად იმ პრობლემებისა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ტურისტული ობიექტი, რომელიც წლების განმავლობაში მოუვლელი, მიტოვებული და ნანგრევებად ქცეული იყო, ახლა არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი რეგიონის ტუისტულ ცენტრადაც იქცა და, რომ არა პანდემია, ადგილობრივ ბიუჯეტს იქეთ მოუტანდა მოგებას.
საქართველოში არაერთი ციხეა, რომლის ტურისტული პოტენციალიც ამ დრომდე გამოუყენებელია. ბევრი მათგანი ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაშია, ნაწილი კი მუნიციპალიტეტებს გადაეცა. droa.ge მალე შემოგთავაზებთ სტატიებს ტურისტულად მიმზიდველ და საინტერესო იმ ობიექტებზეც, რომლებიც, პოტენციალის მიუხედავად, ამ დრომდე უფუნქციოდაა დარჩენილი და ვერც მუნიციპალიტეტებისთვის მოაქვთ სარგებელი.