2019-2020 წლებში 8800 ლიტრამდე საწვავი გახარჯულია თანამშრომლების შვებულებაში ყოფნის დროს, მათ შორის, 3700 ლიტრამდე (42%) − მარნეულის მუნიციპალიტეტის გარეთ, სხვადასხვა მიმართულებით, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
აუდიტის ინფორმაციით, 2019-2020 წლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატებოდა რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. კერძოდ, ნაცვლად 7-8 სამორიგეო მანქანისა, მუნიციპალიტეტი სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 10 სამორიგეო მანქანით, ხოლო კერძო საკუთრებაში არსებული ავტომობილებიდან 2019 წელს − 87 და 2020 წელს − 84 ავტომანქანით.
“საბიუჯეტო ორგანიზაციებში დანერგილი საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით, საწვავის ხარჯვის მიზნობრიობის კონტროლი აგაი სისტემის მეშვეობით ხორციელდება. აღნიშნული სისტემით საწვავი გამოიყენება მხოლოდ ავტორიზებულ ავტომანქანებზე და მინიმუმამდეა დაყვანილი არამიზნობრივი ხარჯვის რისკები, როგორიცაა, არაავტორიზებულ ავტომანქანაში არასამსახურებრივი დანიშნულებისათვის საწვავის ჩასხმა და სხვა”, – წერს აუდიტი.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტში აგაი სისტემა 12 სამსახურებრივი მანქანიდან დამონტაჟებული იყო 2019 წელს 6 ერთეულზე და 2020 წელს − 7 ერთეულზე, ხოლო კერძო საკუთრებაში მყოფი მანქანებიდან 2019 წელს − 39 ერთეულზე, ხოლო 2020 წელს − 44 ერთეულზე. დანარჩენ შემთხვევაში (2019 წელს − 48 შემთხვევაში, 2020 წელს 40 − შემთხვევაში) საწვავის ჩასხმა განხორციელდა უნომრო, ე.წ. VIP პლასტიკური ბარათებით.
როგორც აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, მუნიციპალიტეტს, საწვავის აგაის სისტემის გარეშე შეძენის მიზნით, შესყიდვების სააგენტოში წარდგენილი აქვს დასაბუთებები, რომლებშიც არგუმენტად მოყვანილია სამსახურებრივი ფუნქციების შესასრულებლად არასაკმარისი რაოდენობის ავტომანქანები. კერძოდ, მუნიციპალიტეტის განმარტებით, მათ საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საჭირო რაოდენობის არარსებობის გამო, მუნიციპალიტეტი იყენებს თანამშრომლების კერძო ან კონკრეტულ მომენტში მათთვის ხელმისაწვდომ ავტომანქანებს, რომლებზეც აგაი სისტემის დამონტაჟება მოუხერხებელია. შედეგად, უნდა ისარგებლონ უნომრო პლასტიკური ბარათებით. თუმცა, აუდიტის ინფორმციით, ზემოთ აღნიშნული მიზეზები ვერ ჩაითვლება საკმარის დასაბუთებად, ვინაიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში ავტომობილების რაოდენობა აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ოდენობას. ამასთანავე, აგაი სისტემა არ აქვს დამონტაჟებული მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფ ყველა მანქანას.
“წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტმა 2019- 2020 წლებში ავტომანქანებზე გახარჯა სულ 664.8 ათასი ლარის ღირებულების 339.5 ტონა საწვავი. გამოყენებული საწვავის 60% ჩასხმულია VIP ბარათებით. საწვავის ხარჯვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია დიაგრამაზე.
დიაგრამა №1. 2019-2020 წლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ გახარჯული საწვავის შესახებ (ტონა)
ამასთან, აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა საწვავის ყოველდღიური ხარჯვა ცალკეულ საჯარო მოსამსახურეზე გამოყოფილი ლიმიტების ფარგლებში. რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ საჯარო მოსამსახურეებმა 100 ტონამდე (30%-მდე) საწვავი ჩაასხეს ისეთი მიმართულებებით გადაადგილებისას (თბილისი, რუსთავი, ბოლნისი, თელავი, გორი, ზესტაფონი, მახინჯაური, ჩაქვი, ბათუმი და ა.შ.), რომლებიც წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, არ უკავშირდებოდა სამსახურში გამოცხადებას ან სხვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას (მივლინებას). გარდა ამისა, 2019-2020 წლებში 8800 ლიტრამდე საწვავი გახარჯულია თანამშრომლების შვებულებაში ყოფნის დროს, მათ შორის, 3700 ლიტრამდე (42%) − მარნეულის მუნიციპალიტეტის გარეთ, სხვადასხვა მიმართულებით: თბილისში, რუსთავში, ბოლნისში, გორში, ზესტაფონში, ზუგდიდში, სენაკში, ფოთში და ა.შ.
“წარმოდგენილი მონაცემების შესწავლის შედეგად, ასევე, გამოვლინდა გარემოებები, როდესაც ავტომობილებში ერთჯერადად ჩასხმულია ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი, კერძოდ, საუბარია 19 შემთხვევაზე, როდესაც სულ 12 ავტომობილში, რომელთა ავზების მოცულობა 45-95 ლიტრია, ერთჯერადად ჩასხმულია 80-100 ლიტრი საწვავი (იხ. დანართი №3), რაც მანქანების ავზის მოცულობებიდან გამომდინარე, ფიზიკურად ვერ განხორციელდებოდა”, – წერია აუდიტის ანგარიშში.
მერიის წარმომადგენლებთან ერთად, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები. რის მიხედვითაც გამოვლინდა, რომ აგაი სისტემის ჩიპი მოხსნილი იყო 6 მუნიციპალურ და 9 კერძო საკუთრებაში მყოფ მანქანაზე. შესაბამისად, აგაი სისტემის ჩიპის გამოყენება შესაძლებელი იყო სხვა მანქანებზეც. აღნიშნული გარემოებები წარმოშობს არაავტორიზებულ ავტომანქანებში საწვავის ჩასხმისა და მისი არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს.
“აღნიშნული ფაქტი დაფიქსირებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშიც, თუმცა მდგომარეობა არ გამოსწორებულა”, – წერია აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის დასკვნით, მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატება დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. ამასთან, აუდიტის ობიექტს არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასა და საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით. აუდიტის ჯგუფის მოსაზრებით, მარნეულის მუნიციპალიტეტმა ხარჯი გასწია საბიუჯეტო ასიგნებების ეკონომიური და რაციონალური ხარჯვის ვალდებულების დაცვის გარეშე.
“მერიაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს. ასევე, აგაი სისტემის ნაწილობრივი გამოყენების მეთოდი, მათ შორის, ავტომობილის ავზიდან დამაგრებული „ჩიპის“ მოხსნისა და გადაადგილების შესაძლებლობა, ერთჯერადად ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის ფაქტები წარმოშობს ავტომობილების არასამსახურებრივი მიზნით გამართვის რისკებს”, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის რეკომენდაციაა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, საწვავის არამიზნობრივად ხარჯვის პრევენციის მიზნით, დანერგოს კონტროლის მექანიზმ(ებ)ი და შეიმუშაოს სათანადო პროცედურები, მათ შორის, ალტერნატიულ პროცედურად შესაძლოა განხილულ იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ინვენტარიზაციისას უფლებამოსილი პირების მიერ დამონტაჟებული საწვავის „ჩიპების“ მთლიანობის შემოწმება; სამორიგეო ავტომობილების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების მონიტორინგის მიზნით, კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, ასევე, შესაძლოა, განხილულ იქნეს სატელიტური (GPS) ან სხვა სახის ელექტრონული კონტროლის სისტემის დანერგვა.