აუდიტი: 2019-2020 წლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ხარჯმა 96 100 ლარი შეადგინა

361

წინა სტატია

შემდეგი სტატია

2019-2020 წლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ხარჯმა 96 100 ლარი შეადგინა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

აუდიტის ინფორმაციით, 2019-2020 წლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა 96 100 ლარი შეადგინა. მათთვის წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნული ხარჯიდან, საერთაშორისო ვიზიტებთან დაკავშირებით, დახარჯულია 7 100 ლარი (7%), ხოლო ადგილობრივი ღონისძიებებისთვის − 89 000 ლარი (93%).

აუდიტის ცნობით, აღნიშნული ხარჯები მოიცავს:

  • სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის წარმომადგენლების მასპინძლობის ხარჯს 36 500 ლარის ოდენობით;
  • დღესასწაულების აღსანიშნავად გაწეულ ხარჯებს 22 000 ლარის ოდენობით;
  • ადგილობრივი მოსახლეობის (სპორტსმენები, წარმატებული მასწავლებლები/მოსწავლეები და ა.შ.) გამასპინძლების ხარჯებს 16 000 ლარის ოდენობით;
  • კერძო სექტორიდან მოწვეული სტუმრების მასპინძლობის, ტრენინგებისა და გამოფენების დროს გაწეულ წარმომადგენლობით ხარჯებს 14 500 ლარის ოდენობით.

როგორც აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, მრნეულის მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში სრულად ან/და რიგ შემთხვევებში, საერთოდ არ არის მითითებული ჩასატარებელი ღონისძიებების საჭიროება, სტუმრებისა და მასპინძლების რაოდენობა და სხვა მონაცემები.

აუდიტის დასკვნით, მუნიციპალიტეტის მიერ წარმომადგენლობით ღონისძიებებზე გაწეული ხარჯები დოკუმენტურად და სათანადოდ არ არის დასაბუთებული.

“აუდიტის ობიექტმა ნაწილობრივ ან/და საერთოდ ვერ წარმოადგინა ინფორმაცია მიღებული სტუმრების ვინაობისა და რაოდენობის, დამხვედრი მხარის შემადგენლობის შესახებ. არ არის შემუშავებული შიდა ინსტრუქცია/წესი, რომლის მიხედვითაც გაიცემა თანხები წარმომადგენლობითი ხარჯებიდან”, – წერია დასკვნაში.

აუდიტის რეკომენდაციაა, წარმომადგენლობითმა ორგანომ, აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით, მიზანშეწონილია, შეიმუშაოს შესაბამისი წესი/ინსტრუქცია, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევას რაციონალურად, ეკონომიურად და გამჭვირვალედ. აღნიშნული წესით უნდა განისაზღვროს სტუმრების კატეგორია, მიზანი, მიღების ფორმა, ანგარიშსწორებისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, შეძენილი საჩუქრების შემდგომი განკარგვის/გადაცემის წესი და კონტროლის სხვა მექანიზმები, რომლებიც
ხარჯებს საჯაროს და დასაბუთებულს გახდის.