აუდიტი: მარნეულის მუნიციპალური ქონებით არაუფლებამოსილი პირები სარგებლობენ

345

წინა სტატია

შემდეგი სტატია

მარნეულის მუნიციპალური ქონებით არაუფლებამოსილი პირები სარგებლობენ,  – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მდგომარეობა. რის შედეგადაც გამოვლინდა 40 შემთხვევა, როდესაც მუნიციპალური ქონებით სარგებლობენ არაუფლებამოსილი პირები.

“ქონება უკანონოდ გამოიყენება ძირითადად კომერციული საქმიანობისათვის ან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. აღნიშნულ პირებთან არ არის გაფორმებული შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულებები და არ ხორციელდება ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზება, კერძოდ:

  • მოპოვებული ინფორმაციით გამოვლინდა 25 შემთხვევა, როდესაც თვითნებურად დაკავებულია 512,879 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, აღნიშნული მიწებით წლებია, უკანონოდ სარგებლობს მოსახლეობა, თუმცა საკითხის სამართლებრივი დარეგულირებისთვის, მუნიციპალიტეტის მიერ რაიმე სახის ქმედითი ღონისძიება არ გატარებულა;
  • ქალაქ მარნეულში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული 2 900 კვ.მ ფართი გამოიყენება უნებართვოდ, ფასიან ავტოსადგომად. ფართით მოსარგებლე პირი არ იხდის ქირას და მუნიციპალიტეტი ვერ იღებს შემოსავალს. აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ, მუნიციპალიტეტის მიერ იჯარით, პირდაპირი განკარგვის წესით, გაცემულია ფართი, 57 1 კვ.მ წლიური ღირებულებით − 16 ლარი, რომელიც გამოიყენება ფასიან ავტოსადგომად. განუკარგავი ტერიტორიის იჯარით, თუნდაც 16 ლარად გაცემის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი წლიურად 46.2 ათას ლარს მიიღებდა, ხოლო ელექტრონული აუქციონის გამოყენების შემთხვევაში − გაცილებით მეტს;
  • მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ზოგიერთ ქონებას არაუფლებამოსილი პირები იყენებენ კომერციული დანიშნულებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, კერძოდ: ქ. მარნეულში, არაუფლებამოსილი პირების მიერ მუნიციპალურ ფართებში განთავსებულია 3 სავაჭრო ჯიხური, მოწყობილია გარე ვაჭრობა, სამკერვალო და გარეგანათების ბოძები გამოყენებულია საკომუნიკაციო მომსახურებისთვის; აგრეთვე, კერძო პირს უნებართვოდ აქვს შემოღობილი ფართი და ეწევა კომერციულ საქმიანობას; სოფელ ხოჯორნში ფუნქციონირებს მაღაზია, ხოლო სოფელ სადახლოში − კვების ობიექტი.

“არაუფლებამოსილი პირების მიერ მუნიციპალური ქონების კანონშეუსაბამო გამოყენების შესახებ დაფიქსირებული იყო წინა აუდიტის ანგარიშში, შესაბამისად, მერია ინფორმირებული იყო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, სათანადო რეაგირება არ განახორციელა და ფაქტები კვლავ მეორდება. გარდა ამისა, 2019 წელს მერიამ აღნიშნული ფართების ნაწილი შეაფასებინა კერძო აუდიტორს, საწყისი საიჯარო საფასურის განსაზღვრის მიზნით, თუმცა ქონება იჯარით არ გაუცია. არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის პროცესი წარიმართა არა მუნიციპალიტეტის, არამედ კონკრეტული პირების ინტერესებიდან გამომდინარე, რის შედეგად ზარალი მიადგა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს”, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის მდგომარეობა შემოწმდა შერჩევით.

“არსებობს რისკი, რომ არაუფლებამოსილი პირები იყენებდნენ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა ობიექტებსაც. მერია საიჯარო თანხებს სრულად ვერ იღებდა საიჯარო ხელშეკრულებების პირობებშიც. 2019-2020 წლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედებდა 34 საიჯარო ხელშეკრულება. შესწავლით ირკვევა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მოიჯარეები არღვევდნენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს და დროულად არ იხდიდნენ საიჯარო თანხებს. მიუღებელმა შემოსავალმა 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგინა 386 400  ლარი, მათ შორის, საურავმა − 120 600 ლარი. იჯარის ხელშეკრულებები მოიცავს შესაბამის მექანიზმს მეიჯარის უფლებების დასაცავად. კერძოდ, თუ გადაუხდელობა გრძელდება 3 თვე და მეტი, მეიჯარე უფლებამოსილია, მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა. მიუხედავად იმისა, რომ მოიჯარეები არღვევდნენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს და დროულად არ იხდიდნენ საიჯარო თანხებს, მუნიციპალიტეტს მათ მიმართ სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია”, – წერია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის დასკვნით, ქონების განკარგვის პროცესი მიმდინარეობს სისტემური ნაკლოვანებით. მუნიციპალიტეტმა ვერ დაიცვა მისი, როგორც მესაკუთრის ინტერესები, რადგან მუნიციპალური ქონებით სარგებლობენ არაუფლებამოსილი პირები. არსებობს რისკი იმისა, რომ პასუხისმგებელი პირები მოქმედებენ კერძო პირების სასარგებლოდ. გარდა ამისა, მერიამ ვერ უზრუნველყო იჯარიდან მისაღები შემოსავლის სრულად და დროულად მობილიზება. ქონების მართვასა და განკარგვაში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმების გამო, მუნიციპალიტეტი კარგავს კუთვნილი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას. პასუხისმგებელი პირების ქმედებით/უმოქმედობით მნიშვნელოვანი ზიანი ადგება მუნიციპალიტეტის ინტერესებს.

აუდიტის რეკომენდაციაა, მერიამ შეიმუშაოს კონტროლის სათანადო მექანიზმები, საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის გასაუმჯობესებლად, აგრეთვე, მისი თვითნებურად დაკავების თავიდან აცილების ან/და დროულად გამოვლენის მიზნით.

ამასთან, აუდიტი მოუწოდებს მერიას, ჩაატაროს მიუღებელი საიჯარო თანხების ინვენტარიზაცია და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები კუთვნილი თანხების მისაღებად;  მუნიციპალიტეტმა გამოავლინოს საკუთრებაში არსებული მიწების განკარგვასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირები და მათ მიმართ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.