რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო 36 837-ჯერ მეტი ფართობის საძოვრებს ფლობს, ვიდრე ჯამურად 4 მუნიციპალიტეტი

768

წინა სტატია

ავტორები: რუსა მაჩაიძე, მაგდა პოპიაშვილი

მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით droa.ge ამზადებს კვლევას, სადაც დეტალურად იქნება გაანალიზებული მუნიციპალიტეტების ქონებრივი მდგომარეობა და შესაძლებლობები, თვითმმართველობის გაძლიერების კონტექსტში. კვლევის გამოქვეყნებამდე კი გთავაზობთ მონაცემებს მხარეების მიხედვით, რომლის ფარგლებში უკვე გამოქვეყნებულია სამცხე-ჯავახეთის მონაცემები.

მონაცემები ეფუძნება ქონების ეროვნული სააგენტოდან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას 2022 წლის მდგომარეობით.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, რომელიც ისედაც მცირემიწიანია, სახელმწიფო იმაზე მეტ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს ფლობს, ვიდრე ამ მხარეში შემავალი 4 მუნიციპალიტეტი – ონი, ამბროლაური, ცაგერი და ლენტეხი ერთად. ამ მუნიციპალიტეტებში, რომლებშიც, უმეტესად, მეცხოველეობას მისდევენ, ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში მხოლოდ ერთი საძოვარი და 13 სათიბია, ეს მაშინ, როცა სახელმწიფო ამავე მუნიციპალიტეტებში 57 საძოვარსა და 50 სათიბს ფლობს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ფართობები 36 837-ჯერ, ხოლო სათიბების – 12-ჯერ აღემატება ამბროლაურის, ონის, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების საკუთრებაში ჯამში არსებულ ფართობებს.

უფრო კონკრეტულად კი, ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, სახელმწიფოს საკუთრებაშია ამ ოთხი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 4 882 ნაკვეთი, რომელთა საერთო დაზუსტებული ფართობიც 96 762.01 ჰექტარია.  მათ შორის 57 არის საძოვარი, საერთო ფართობით 2 209.67 ჰექტარი და 50 სათიბი, საერთო ფართობით – 682.52 ჰექტარი.

ოთხი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში კი ჯამში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მხოლოდ 14 ნაკვეთია, რომელთა საერთო დაზუსტებული ფართობია 52.42 ჰექტარი. ანუ ეს მუნიციპალიტეტები საკუთარ ტერიტორიაზე 1 845-ჯერ ნაკლები ფართობის მიწის ნაკვეთებს ფლობენ, ვიდრე ეკონომიკის სამინისტრო. ამ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებიდან მხოლოდ 1 არის საძოვარი, რომლის ფართობიც სულ რაღაც 0.06 ჰექტარია და 13 სათიბი, საერთო ფართობით 56.36 ჰექტარი (მონაცემები დამრგვალებულია).

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები

რაც შეეხება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, ჯამში სახელმწიფო საკუთრებაშია 1 608 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო დაზუსტებული ფართობი 687.71 ჰექტარია. მათ შორის, სახელმწიფო საკუთრებაშია 309 შენობა-ნაგებობაც;

მუნიციპალიტეტების საკუთრებაში კი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 748 ნაკვეთია, რომელთა საერთო დაზუსტებული  ფართობიც 1 712.96 ჰექტარია და 252 შენობა-ნაგებობა;

ეს ქონება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე ნაწილდება:

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი  

ამბროლაურის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა საერთოდ არა აქვს. ეს მაშინ, როცა სახელმწიფო ამავე მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 175 ნაკვეთი აქვს და მათი საერთო დაზუსტებული ფართობია 15 225.14 ჰექტარი.  მათ შორის 24 არის საძოვარი, საერთო ფართობით 1 456.43 ჰექტარი და 18 სათიბი, საერთო ფართობით – 171.84 ჰექტარი.

ამბროლაური ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ფართობი სახელმწიფოსას აღემატება, თუმცა, ამავდროულად, სახელმწიფოს საკუთრებაში მუნიციპალიტეტზე მეტი შენობა-ნაგებობა რჩება.

ერძოდ, სახელმწიფო საკუთრებაშია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 346 ნაკვეთი, რომელთა საერთო დაზუსტებული  ფართობია 1 144 680 კვ.მ (114.47 ჰექტარი) და 114 შენობა-ნაგებობა; მუნიციპალურ საკუთრებაში კი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 352 ნაკვეთი, რომელთა საერთო დაზუსტებული  ფართობია 16 280 000 კვ.მ (1 628 ჰექტარი) და 108 შენობა-ნაგებობა;

ონის მუნიციპალიტეტი

ონის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ფართობი მუნიციპალურისას თითქმის 15-ჯერ აღემატება, ხოლო სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების ფართობი – 682-ჯერ.

მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს ეკუთვნის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 533 ნაკვეთი, რომელთა საერთო დაზუსტებული  ფართობია 2 471 191.37 კვ.მ (247.12 ჰექტარი) და 54 შენობა-ნაგებობა. მუნიციპალურ საკუთრებაში კი 106 ნაკვეთია, რომელთა საერთო დაზუსტებული  ფართობია 165 865 კვ.მ (16.59 ჰექტარი) და 20 შენობა-ნაგებობა;

რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, სახელმწიფო ონის მუნიციპალიტეტში 986 ნაკვეთს ფლობს და მათი საერთო დაზუსტებული ფართობია 35 712.8 ჰექტარი.  აქედან 29 არის საძოვარი, საერთო ფართობით 338.19 ჰექტარი და 23 სათიბი, საერთო ფართობით – 508.67 ჰექტარი. ეს მაშინ, როცა მუნიციპალიტეტს აქვს მხოლოდ 13 ნაკვეთი, რომელთა საერთო დაზუსტებული ფართობია 52.36  ჰექტარი. ცამეტივეს სათიბის სტატუსი აქვს.

ცაგერის მუნიციპალიტეტი

ცაგერის მუნიციპალიტეტს, ამბროლაურის მსგავსად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მუნიციპალურ საკუთრებაში საერთოდ არა აქვს. ეს მაშინ, როცა ამავე მუნიციპალიტეტში სახელმწიფო 1 273 ნაკვეთს ფლობს და მათი საერთო დაზუსტებული ფართობია 5 186.59 ჰექტარი. მათ შორის 4 არის საძოვარი, საერთო ფართობით 415.05 ჰექტარი. სათიბის სტატუსი კი არც ერთს არა აქვს.

რაც შეეხება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, ცაგერში სახელმწიფო საკუთრებაში 451 ნაკვეთია, რომელთა საერთო დაზუსტებული  ფართობია 2 060 624.15 კვ.მ (206.06 ჰექტარი) და 94 შენობა-ნაგებობა; მუნიციპალურ საკუთრებაში კი 210 ნაკვეთია, რომელთა საერთო დაზუსტებული  ფართობიც 576 988 კვ.მ-ია (57.7 ჰექტარი) და 73 შენობა-ნაგებობა;

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

ლენტეხს მუნიციპალურ საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მხოლოდ 1 ნაკვეთი აქვს. მისი ფართობი, არც მეტი, არც ნაკლები, 0.06 ჰექტარია და საძოვრის სტატუსი აქვს. სახელმწიფო კი მუნიციპალიტეტში ამავე სტატუსის 1 448 ნაკვეთს ფლობს. მათი საერთო დაზუსტებული ფართობი კი მთელი 40 637.47 ჰექტარია – 677 291ჯერ მეტი. მათ შორის 9 არის სათიბი, საერთო ფართობით – 2.01 ჰექტარი. საძოვრის სტატუსი კი არც ერთს არა აქვს.

რაც შეეხება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, ლენტეხში სახელმწიფო 278 ნაკვეთს ფლობს. მათი საერთო დაზუსტებული  ფართობია 1 200 640 კვ.მ (120.06 ჰექტარი), მათგან 47 შენობა-ნაგებობაა;

მუნიციპალურ საკუთრებაში კი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 80 ნაკვეთია, რომელთა საერთო დაზუსტებული  ფართობია 106 750 კვ.მ (10.68 ჰექტარი) და 51 შენობა-ნაგებობა;