აუდიტი: ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც არ ფუნქციონირებს, მარნეულის ბიუჯეტიდან 152 200 ლარი დაიხარჯა

312

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც არ ფუნქციონირებს, მარნეულის ბიუჯეტიდან 152 200 ლარი დაიხარჯა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2019-2020 წლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ზოგიერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ ფუნქციონირებს. მერიამ დახარჯა 152 200 ლარი, მიმწოდებლებს შესრულებული აქვთ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, თუმცა ობიექტებს ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება დამატებითი სამუშაოები:
ინვენტარის შეძენა, წყალმომარაგების მოწესრიგება და სხვა, კერძოდ:მ

  • მარნეულის მუნიციპალიტეტმა სამ სოფელში შეისყიდა საჯარო სკოლების ოთახების რეაბილიტაციის/მოწყობის სამუშაოები, ღირებულებით 139.2 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტმა სამუშაოები ჩაიბარა 2019-2020 წლებში. დათვალიერებით გამოვლინდა, რომ რეაბილიტირებული ობიექტებიდან ორი არ ფუნქციონირებს წყლის არქონის გამო, ხოლო მესამე დაკეტილია;
    • ასევე, დათვალიერებით გამოვლინდა, რომ არ ფუნქციონირებს სოფელ ხოხმელის კულტურის სახლი, რომლის რეაბილიტაციაში მუნიციპალიტეტმა გადაიხადა 13.0 ათასი ლარი. შენობას დამატებით ესაჭიროება ინვენტარი

აუდიტის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გასულია ერთ წელზე მეტი, მუნიციპალიტეტს დამატებითი სამუშაოების შესრულება არ დაუგეგმავს და ობიექტები არ ფუნქციონირებს.

“არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მუნიციპალიტეტს არ გამოუყენებია თავისუფალი ნაშთის სახით არსებული ფინანსური რესურსი. აღნიშნული მიდგომა იწვევს საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიან ხარჯვას.

აუდიტის დასკვნით, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად, მუნიციპალიტეტმა ობიექტების რეაბილიტაციაში არაეფექტიანად დახარჯა 152.2 ათასი ლარი და პროექტების განხორციელებით ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს.

აუდიტის რეკომენდაციაა, მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაგეგმოს ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომლებმაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით დასრულებას;  აუდიტი მოუწოდებს მუნიციპალიტეტს, კონკრეტული პროექტის დაგეგმვის დროს,
შეისწავლოს ფინანსური და მატერიალური რესურსები და აქედან გამომდინარე, განსაზღვროს, რამდენად შესაძლებელია პროექტის განხორციელება და დასახული მიზნის მიღწევა. რაც აუდიტის ცნობით, ხელს შეუწყობს, რომ მუნიციპალიტეტმა თავიდან აიცილოს ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებითაც მოსახლეობა ვერ სარგებლობს. ამასთან, რეკომენდაციის მიხედვით, მერიამ უნდა გაატაროს სათანადო ღონისძიებები უმოქმედო ობიექტების ფუნქციურად დატვირთვისათვის.