მარნეულში მცხოვრები 20 436 ოჯახიდან მუდმივი წყალმომარაგებით მხოლოდ 1 040 ოჯახი სარგებლობს, გრაფიკით მიეწოდება წყალი 13 037 ოჯახს, შეფერხებით − 4 016 ოჯახს, ხოლო 2 343 ოჯახის წყალმომარაგებას მუნიციპალიტეტი საერთოდ არ ემსახურება, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ 2019-2020 წლებისათვის მომზადებული პრიორიტეტების დოკუმენტით, თვითმმართველი ერთეულის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება წყლის სისტემების რეაბილიტაცია-ექსპლოატაციაა. პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მაღალი ხარისხის სასმელი წყლის მიწოდება და შესაბამისი წყლის სისტემების
ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა წყლის სისტემების ზოგადი მდგომარეობა მუნიციპალიტეტში. რის შედეგადაც დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლისა და ქალაქ მარნეულის მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, სოფელს ემსახურება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ შპს „მარნეულის სოფწყალი”, ხოლო დარჩენილი 19 სოფლის მოსახლეობისთვის წყლის სისტემები არ არის მოწყობილი.
“ამასთანავე, აღსანიშნავია რომ 54 სოფლიდან 14 სოფლის წყალმომარაგებისთვის შპს „მარნეულის სოფწყალი“ არ ფლობს კანონით განსაზღვრულ ლიცენზიას. შესაბამისად, მოსახლეობის ნაწილის წყალმომარაგება ხორციელდება არაუფლებამოსილი ორგანიზაციის მიერ. 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტმა, „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლიდან, წყლის მომარაგების სისტემების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე დახარჯა 7 517.0 ლარი. წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის მიზნით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს სასმელ წყალზე მოსახლეობის ნაწილის ყოველდღიური
მოთხოვნილების დაკმაყოფილებას”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისთვის, მუნიციპალიტეტში მცხოვრები 20 436 ოჯახიდან,
მუდმივი წყლით სარგებლობს მხოლოდ 1 040 ოჯახი, გრაფიკით მიეწოდება წყალი 13 037 ოჯახს, შეფერხებით − 4 016 ოჯახს, ხოლო 2 343 ოჯახის წყალმომარაგებას მუნიციპალიტეტი საერთოდ არ ემსახურება.
ამასთან, როგორც აუდიტი წერს, მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში წყლის გამწმენდი ნაგებობები მოწყობილი არ არის.
“პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, წყალი იქლორება რეზერვუარში და მოსახლეობას მიეწოდება გაფილტრული. თუმცა, მერიის მიერ 2019-2021 წლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის 39 სოფელში ჩატარებული, წყლის ხარისხის შესახებ, ლაბორატორიული კვლევების შედეგების მიხედვით, 33 სოფელში სასმელი წყლის ხარისხი არ შეესაბამებოდა ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მაჩვენებლებს. ასევე, მუნიციპალიტეტის 14 საბავშვო ბაღში ჩატარებული კვლევიდან 7-ში გამოვლინდა ნორმიდან გადახრა. მიუხედავად ამისა, პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა გატარებული შესაბამისი ღონისძიებები”, – წერია აუდიტის ანგარიშში.
გარდა ამისა, აუდიტის ინფორმაციით, 2018 წლიდან შპს „მარნეულის სოფწყალს“ ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული შპს „რუსთავწყალთან“, მუნიციპალიტეტის 14 სოფლის სასმელი წყლით მომარაგების მიზნით. ხელშეკრულების მიხედვით, შპს „რუსთავწყალი“ მუნიციპალიტეტს აწვდიდა მის საკუთრებაში არსებული ჭაბურღილებიდან მოპოვებულ წყალს და იჯარით გადასცემდა მილსადენებს. 2019-2020 წლებში შპს „რუსთავწყლისათვის“ გადახდილი იყო მოწოდებული წყლის საფასური, 593 600 ლარი, ხოლო მოსახლეობისგან წყლის გადასახადის სახით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 76 800 ლარი.
“საკითხის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მაგისტრალური მილმდენი (ხაზოვანი ნაგებობა) და სოფლების შიდა გამანაწილებელი ქსელები, რომლებითაც მოსახლეობას მიეწოდებოდა სასმელი წყალი, ამორტიზებული იყო, ასევე, ხშირად ხდებოდა ავარიული დაზიანებები და იღვრებოდა წყალი, რომლის დანაკარგმაც 2019-2020 წლებში შეადგინა დაახლოებით 80%. ამასთანავე, შპს „მარნეულის სოფწყალი“ შეძენილი წყლის საფასურს შპს „რუსთავწყალს“ სრულად უხდის სათავო მრიცხველის შესაბამისად, ხოლო დაზიანებების გამო მოსახლეობას აწვდის შეძენილი წყლის მხოლოდ 20%-ს.
აღსანიშნავია, რომ ამ გარემოების შესახებ აღნიშნული იყო წინა აუდიტის ანგარიშშიც. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის ბოლოსთვის უზრუნველყო ზემოაღნიშნული მილმდენის ნაწილობრივი (6000 მ) შეცვლა. შედეგად, წყლის დანაკარგი შემცირდა 80-დან 70%-მდე.”, – წერს აუდიტი.
ასევე, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, შპს „მარნეულის სოფწყალს“ 2016 წლიდან გააჩნია მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზიები, რომელთა პირობების მიხედვით, შპს-ს 2 წლის ვადაში, მონიტორინგის მასალებზე დაყრდნობით, უნდა განეხორციელებინა წყლის მარაგების გამოთვლა და ანგარიშის წარდგენა სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოსთვის, თუმცა შპს-მ არ შეასრულა სალიცენზიო მოთხოვნები, რის გამოც დაჯარიმდა 32 14.0 ათასი ლარით.
“აღსანიშნავია, რომ შპს „მარნეულის სოფწყალმა“ დაჯარიმების შემდეგ გააფორმა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება შპს „გამაკონსალტინგთან“, ლიცენზიით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად ანგარიშების მოსამზადებლად”, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის დასკვნით, მუნიციპალიტეტი საბიუჯეტო რესურსების ნაწილს ხარჯავს წყლის სისტემების მოწყობასა და რეაბილიტაციაზე. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის უმრავლესობას სასმელი წყალი მიეწოდება შეფერხებით ან გრაფიკით, ხოლო მიწოდებული წყალი არ იწმინდება. შედეგად, სასმელი წყლის ხარისხი ზოგჯერ არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს.
“მუნიციპალიტეტის საქმიანობა სასმელი წყლის ხარისხის უზრუნველსაყოფად არასაკმარისი იყო. აღნიშნული პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს, თუმცა მერიას მისი მოგვარების მიზნით, სათანადო ღონისძიებები არ განუხორციელებია.
მერიამ დროული რეაგირება არ მოახდინა შპს „რუსთავწყლისაგან“ შესყიდული წყლის დანაკარგების შესამცირებლად. შედეგად, წყლის რესურსი და საბიუჯეტო სახსრები იხარჯება არარაციონალურად.
შპს „მარნეულის სოფწყალის“ პასუხისმგებელმა პირებმა დროულად და ჯეროვნად არ შეასრულეს სალიცენზიო მოთხოვნები, რის გამოც შპს-მ ჯარიმის სახით გასწია 14.0 ათასი ლარის დამატებითი ხარჯი”, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.
აუდიტის რეკომენდაციაა, მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით, დაგეგმოს და განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს წყალმომარაგების მოწესრიგებასა და წყლის ხარისხის გაუმჯობესებას.
ამასთან, აუდიტის რეკომენდაციით, ღონისძიებათა გეგმა უნდა ითვალისწინებდეს, როგორც წყლის, ასევე, საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ ხარჯვას. რაც აუდიტის თქმით, ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და წყლის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.