აუდიტი: მარნეულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული ობიექტები ნაწილობრივ დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას

271

წინა სტატია

შემდეგი სტატია

მარნეულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული ობიექტები ნაწილობრივ დაზიანებულია და
საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს, 2021 წლის ოქტომბერში მარნეულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა მარნეულის მუნიციპალიტეტში 2019-2020 წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული ობიექტები. დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ 22 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ 503 800 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს აღენიშნებათ სხვადასხვა ხარვეზი.

აუდიტის ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტი პროექტებს იბარებდა საექსპერტო ორგანიზაციების დადებითი დასკვნების საფუძველზე.

“სამუშაოების კონტროლის პროცესში ჩართული იყო აგრეთვე მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური. მიუხედავად ამისა, ობიექტები დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. ობიექტების ექსპლოატაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები ძირითადად იმის შედეგია, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას ირღვეოდა მოქმედი სამშენებლო წესები და ნორმები, რომელთა გამოვლენაც საზედამხედველო და საექსპერტო დაწესებულებების ვალდებულება იყო. დაზიანებული ობიექტების არსებობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს აღნიშნული ორგანიზაციების პასუხისმგებლობის შესახებ არ უმსჯელია და სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია.

აღსანიშნავია, რომ დათვალიერების მომენტისათვის ინფრასტრუქტურული პროექტების უმრავლესობას გააჩნდა მოქმედი საგარანტიო ვადა, რომლის ფარგლებში უნდა გამოსწორებულიყო არსებული ნაკლოვანებები. მერიამ ობიექტებზე არსებული დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით, მიმწოდებლებს მიმართა აუდიტის ჯგუფის მიერ ხარვეზების გამოვლენის შემდეგ”, – წერს აუდიტი.

აუდიტის დასკვნით, მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს ხარისხიანი ინფრასტრუქტურული პროექტების მიღება-ჩაბარებასა და პროექტების მდგომარეობის შესახებ მერიის დროულ ინფორმირებას. სამუშაოების მონიტორინგის, მიღება-ჩაბარების, მოვლა-პატრონობისა და საგარანტიო ვადის ეტაპზე არსებული მართვის სისუსტეების გამო, ინფრასტრუქტურული ობიექტები ნაწილობრივ დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას.

აუდიტის რეკომენდაციაა, მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღებისა და ჩაბარების წესი, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები.

როგორც აუდიტის რეკომენდაციაშია აღნიშნული, დოკუმენტით ნათლად უნდა განისაზღვროს კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები.

მათივე ცნობით, აღნიშნული ხელს შეუწყობს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას. ამასთანავე, აუდიტი მოუწოდებს მერიას, შეისწავლოს პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები და უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა.