კობახიძე: სააკაშვილის სასჯელი უნდა აღსრულდეს, ვერანაირი ანა ფოტიგები ამას ვერ შეცვლიან

565

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს სრულად მოიხდის, ამას კი “ვერანაირი ანა ფოტიგები” და კონკრეტული სტრუქტურების წარმომადგენლები ვერ შეცვლიან.

“გამორიცხულია, ვინც არ უნდა ითხოვოს, მოითხოვოს, თქვას თუ ა.შ. რომ საქართველოში კანონი აღარ აღსრულდეს ბოლომდე. იგივე იქნება სააკაშვილის შემთხვევაშიც, მას აქვს შეფარდებული კონკრეტული სასჯელი, 6 წლით თავისუფლების აღვკვეთა, სხვა ბრალებზე არ გავამახვილებ ყურადღებას იმიტომ, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი ორგანოების და სასამართლოს გადასაწყვეტი, მაგრამ დღეს აქვს შეფარდებული 6 წლის თავისუფლები აღკვეთა. ეს სასჯელი, რა თქმა უნდა, კანონის შესაბამისად, ბოლომდე უნდა აღსრულდეს. ვერანაირი ანა ფოტიგები და სხვა კონკრეტული სტრუქტურების წარმომადგენლების ამას ვერ შეცვლიან, იმიტომ, რომ საქართველოში სამართლის და კანონის უზენაესობა იქნება დაცული”, — აცხადებს კობახიძე.

კობახიძის თქმით, ევროპარლამენტართა განცხადებები ოფიციალური ბრიუსელის პოზიციას არ გამოხატავს.

“ერთი და იგივე გვარები გვესმის 2011 წლიდან მოყოლებული, ვინც იცავდა ნაცმოძრაობას. ერთი და იგივე გვარები, ერთი და იგივე ლობისტები, რომლებიც მუდმივად ცდილობდნენ ხელი დაეფარებინათ კრიმინალებისთვის ქართულ პოლიტიკაში. დამთავრდა, ამას დაესვა წერტილი, გამორიცხულია, რომ ვინმემ ეს გაატაროს საქართველოში”, — ამბობს ის.

8 ნოემბერს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ნინო ლომჯარიას განცხადებით, სააკაშვილს ციხეში უთხრეს, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და შესაბამისად, ის აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდა. მიუხედავად ამისა, სააკაშვილი მაინც ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი გაავრცელეს კადრები, რომლითაც სურთ დაამტკიცონ, რომ ექსპრეზიდენტს #12 დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ არ დაუტოვებია.

იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანისას არცერთი პროცედურა და ნორმა არ ყოფილა დარღვეული. მისივე მტკიცებით, სააკაშვილმა ციხეში შეყვანისას თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.